ნატო ახალ ზომებს განახორციელებს საბრძოლო მასალის საერთო სტანდარტების დანერგვის მიზნით, რათა შეამციროს ხარჯები და გააადვილოს მათი გამოყენება ბრძოლის ველზე, იტყობინება Reuters-ი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. ნატოს თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს და პარასკევს მართავენ შეხვედრას ბრიუსელში. სავარაუდოდ, ისინი ნატოს ახალ გენერალურ მდივანს, მარკ რიუტეს, დაავალებენ სტანდარტიზაციის პროცესის მოდერნიზების გეგმის შემუშავებას, თქვა წყარომ, რომელმაც ანონიმურობა მოითხოვა.
სტანდარტიზაციის საფუძველია STANAG (სტანდარტიზაციის შეთანხმება), რომელიც უზრუნველყოფს საბრძოლო მასალისა და საარტილერიო სისტემების თავსებადობას ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა 1960-იანი წლებიდან, როდესაც მიღებულ იქნა საარტილერიო საბრძოლო მასალის სტანდარტები, ნატოს წევრმა 14-მა ქვეყანამ შეინარჩუნა მათგან გადახვევის უფლება. ამან გამოიწვია ბაზრის ფრაგმენტაცია და მიწოდების ჯაჭვების გაზრდილი სირთულე.
დღესდღეობით სხვადასხვა მწარმოებლის ერთი და იმავე კალიბრის ჭურვების სიზუსტეში 40-60 მეტრი სხვაობაა. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია სროლის ცხრილების დახმარებით - დოკუმენტებისა, რომლებიც ხელს უწყობს საარტილერიო სისტემების კონფიგურაციას კონკრეტული ჭურვებისთვის. თუმცა, მათი გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში იყო უგულებელყოფილი. ახლა ნატოს გადაწყვეტილი აქვს, მოაგვაროს ეს პრობლემა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის დასავლელი მოკავშირეები აქტიურად ზრდიან მისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას. არსებული მონაცემებით, 2023 წელს რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა ფრონტზე გაგზავნეს 4 მილიონი საარტილერიო ჭურვი, ხოლო უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა - დაახლოებით 1,5 მილიონი ჭურვი.
ფორუმი