ნატოს არ ეშინია რუსეთის მხრიდან მუქარებისა და განაგრძობს კიევის მტკიცე მხარდაჭერას, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ გერმანიის ქალაქ ვისბადენში მდებარე სამხედრო ბაზაზე პირველი ვიზიტისას. ბაზაზე განლაგდება უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ცენტრი.
„[რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი] გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე აუცილებლის კეთებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ვერ აღწევს თავის მიზნებს და რომ უკრაინა გაიმარჯვებს,“ თქვა მან Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
დაგეგმილა, რომ გერმანიის ჰესენის მხარის ადმინისტრაციულ ცენტრ ვისბადენში განლაგებული კომპლექსი სახელწოდებით „უკრაინისადმი ნატოს დახმარება უსაფრთხოებასა და წვრთნაში“ (NSATU) თანდათან იკისრებს კიევისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაციას.
ბევრის აზრით, ეს არის მცდელობა, უკრაინის დახმარების მექანიზმი დაიცვას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისგან, აღნიშნავს Reuters-ი.
როგორც BBC შენიშნავს, მოსალოდნელია, რომ ცენტრში დასაქმებული იქნება 700-მდე ადამიანი, მათ შორის უკრაინელი სამხედროები და ბელგიაში, პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული ნატოს ქვედანაყოფები.
ვისბადენის ბაზაზე ასევე იმყოფება აშშ-ის ქვედანაყოფი, რომელიც შორი მანძილის რაკეტებისთვის არის პასუხისმგებელი. ვაშინგტონი გეგმავს, რომ ეს რაკეტები 2026 წლიდან დროებით განალაგოს გერმანიაში, რათა წინ აღუდგეს რუსეთის რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეს, რომლებიც კალინინგრადის ოლქში არის განლაგებული.
ფორუმი