Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშვილობა დაიბეგრება, „უშვილობის პროპაგანდა“ კი აიკრძალება


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

რუსეთის დუმა განიხილავს ე.წ. Childfree იდეოლოგიის პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტს. მისი მიღების შემთხვევაში აიკრძალება „უშვილობის პროპაგანდა“. კანონპროექტი ითვალისწინებს ფულად ჯარიმებსა და 15-დღიან პატიმრობას. რუსეთში ასევე განიხილავენ უშვილობის გადასახადის შემოღებას, როგორც ეს სსრკ-ში იყო.

2024 წლის 4 ოქტომბერს, როცა ე.წ. Childfree იდეოლოგიის მავნებლობისა და აკრძალვის აუცილებლობის შესახებ ჩელიაბინსკელ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ცნობილი რუსი პროპაგანდისტი, რუსეთის უსაფრთხო ინტერნეტლიგის ხელმძღვანელი, ეკატერინა მიზულინა ელაპარაკებოდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას სიტყვა გააწყვეტინა და ჰკითხა: „როცა ასეთი თავგამოდებით იცავთ ოჯახურ ფასეულობებს და გმობთ ე.წ. Childfree პროპაგანდას, თქვენ თვითონ რატომ არ გყავთ შვილები?“

მიზულინამ ჯერ თქვა, რომ „არ აპირებს საჯაროდ ილაპარაკოს თავის პირად ცხოვრებაზე“, შემდეგ კი სამოქალაქო ფორმაში მყოფ უშიშროების თანამშრომლებს მიმართა, გაერკვიათ პროვოკატორის ვინაობა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჟურნალისტს (ადგილობრივი გამოცემა 74.RU-ს კორესპონდენტს) პასპორტის ჩვენება მოსთხოვეს, შემდეგ ფოტო გადაუღეს, მოგვიანებით კი დაკითხეს.

ეკატერინა მიზულინა რეგულარულად უჩივის სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს პოლიციასა და ზედამხედველობის ორგანოებში. მისი დასმენის საფუძველზე დააკავეს იჟევსკელი ბლოგერი კონსტანტინ პეტროვი, რომელმაც სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოხატა მურმანსკში სამხედროებისთვის დადგმული ძეგლების სიმრავლის გამო. მიზულინამ პეტროვის სიტყვებს გმირების ხსოვნის დაცინვა უწოდა და იკითხა, რატომ არ იჭერდნენ მას. ასევე, უსაფრთხო ინტერნეტლიგის ხელმძღვანელის საჩივრების შემდეგ აღიძრა ადმინისტრაციული საქმე როკჯგუფ „ავტოსპორტის“ ვოკალისტ ანდრეი ვანიუკოვის წინააღმდეგ. დევნის მიზეზი გახდა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ლოზუნგები: „რუსეთი იქნება თავისუფალი“ და „დიდება გმირებს“.

ეკატერინა მიზულინა
ეკატერინა მიზულინა

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ე.წ. ჩაილდფრის პროპაგანდა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 2024 წლის 25 სექტემბერს შევიდა. ავტორთა შორის არიან დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი და ფედერაციათა საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვეენკო. კანონპროექტის თანახმად, ე.წ. ჩაილდფრის პროპაგანდა დაისჯება ჯარიმით:

  • ფიზიკური პირისთვის 400 ათასი რუბლით
  • თანამდებობის პირებისთვის 800 ათასი რუბლით
  • იურიდიული პირებისთვის 5 მლნ რუბლით

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ბავშვის გაჩენაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის. აკრძალვა შეეხება ნებისმიერ შეტყობინებას ინტერნეტში, მედიაში, ფილმებსა და რეკლამებში.

„ჩაილდფრის პროპაგანდა ეწინააღმდეგება ტრადიციულ ღირებულებებს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რა ჩაითვლება პროპაგანდად?

ადვოკატმა ეკატერინა ტიაგაიმ, რომელსაც გამოცემა „კომერსანტი“ ესაუბრა, კანონპროექტის ტექსტში ვერ იპოვა ზუსტი ფორმულირება:

„ეს კანონპროექტი ქმნის ფართო სივრცეს შერჩევითი ინტერპრეტაციისა და არასისტემატური აღსრულებისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არის განსაზღვრული, რა ეტაპზე იწყება ბავშვის გაჩენაზე უარის თქმა. კანონის დარღვევად მიიჩნევა თუ არა კონტრაცეფცია ან საქმიანობიდან (პროფესიიდან) გამომდინარე პრიორიტეტები. ასევე არაფერია ნათქვამი მშობიარობის შეწყვეტის ასაკზე.

ასევე ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა მეორე ელემენტი - პროპაგანდა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ინფორმაციის გავრცელების ან იმგვარი ქმედებების სახით, რომლებიც ქმნიან უარის პოზიტიურ იმიჯს. მაგალითად, სოციალურ ქსელებში ვიღაც საუბრობს მშობიარობისა და დედობის სირთულეებზე, ვიღაც საუბრობს მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე, ვიღაც ამტკიცებს, რომ რთულ სოციალურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ვითარებაში ძნელია ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, არანაირად არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან, ინფორმაცია მიეწოდება არასრულწლოვნებს თუ ზრდასრულ აუდიტორიას“.

მოსკოვის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის დამფუძნებლის მიხაილ სალკინის თქმით, კანონის მიღების შემთხვევაში სოციალური ქსლების მომხმარებლები იძულებული იქნებიან გულდასმით შეამოწმონ თავიანთი სტატუსების შინაარსი, რადგან უშვილობის პროპაგანდად და, შესაბამისად, კანონის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ერთი შეხედვით უწყინარი ყოფითი ისტორიები.

„ბავშვის დაბადება დამატებითი ხარჯია ოჯახის ბიუჯეტისთვის. შესაბამისად, თუნდაც იმის ჩვენება, თუ როგორ დადის ადამიანი, რომელსაც შვილი არ ჰყავს, რესტორნებში, მხიარულობს და ბავშვიანი ოჯახი კი ფასდაკლებით ყიდულობს წიწიბურას მაღაზიაში - ეს უკვე შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. ჩაილდფრის ანუ უშვილობის პროპაგანდად.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება ექსპერტების მოსაზრებებზე“, - ამბობს მიხაილ სალკინი, რომლის თქმითაც, მოქალაქეს ძალიან გაუჭირდება თავის დაცვა ამ კანონით გათვალისწინებული ბრალდებისგან, რადგან ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მოქმედების პრაქტიკა აჩვენებს, რომ გადამწყვეტ სიტყვას ამბობს ექსპერტი, რომლის დასკვნას, როგორც წესი, სრულად იზიარებს სასამართლო.

„გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოციალური ქსლების სპეციფიკიდან გამომდინარე იმოქმედებს რეტროსპექტიული პასუხისმგებლობა: ყველაფერი, რაც მრავალი წლის წინ გამოქვეყნდა, დღეს გამოქვეყნებულად მიიჩნევა. ამიტომ მომხმარებელს მოუწევს გადაამოწმოს თავისი ყველა პოსტი და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია უშვილობასთან. ამ თემაზე ხუმრობაც კი შეიძლება სამართალდამცავებმა კანონის დარღვევად მიიჩნიონ“, - ამბობს რუსი უფლებადამცველი.

იურისტების თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა კანონპროექტის ის პუნქტი, რომელიც იურიდიული პირების პასუხისმგებლობას შეეხება. ვინაიდან ჯარიმები გათვალისწინებულია იურიდიულ პირებზეც, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოწმებას დაექვემდებარებიან ონლაინ კინოთეატრებიც - ხომ არ უჩვენებენ ისეთ ფილმებს, რომლებშიც უშვილო წყვილები პოზიტიურ პერსონაჟებად არიან წარმოდგენილი?!

როცა სამშობლო ითხოვს, უნდა გააჩინო

თუმცა რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, როგორც ჩანს, შობადობის ადმინისტრაციული მეთოდებით გაზრდის მიმართულებით კიდევ უფრო შორს მიდის. საქმე ის არის, რომ უშვილობის გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოვიდა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და თავდაცვის კომიტეტის წევრი ანდრეი გურულიოვი, რომელსაც მხარი დაუჭირეს სხვა დეპუტატებმა, მათ შორის ევგენი ფედოროვმა, რომლის თქმითაც, უშვილო მოქალაქეებმა უნდა გადაიხადონ გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი (პერსონალური საშემოსავლო გადასახადი) - არსებული 13%-ის ნაცვლად, გაზრდილი 15%.

„ბავშვებიანმა ოჯახებმა კი უნდა მიიღონ დაახლოებით 30-40 ათასი რუბლი (300-400$) თითო ბავშვზე, ამიტომ აუცილებელია გამოვთვალოთ, რამდენით უნდა გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადი უშვილოებისთვის, რათა ბიუჯეტში შევიდეს ბავშვიანი ოჯახებისთვის სამყოფი თანხა“, - აღნიშნა დეპუტატმა ფიოდოროვმა.

სახელმწიფო დუმაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს უშვილობის გადასახადის პარამეტრები. შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, უნდა გაეზარდოთ საშემოსავლო გადასახადი 0,5-დან 5%-მდე, ასევე ქონებისა და მემკვიდრეობის გადასახადები.

რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი ზუბეცმა განაცხადა, რომ უშვილობის გადასახადი უნდა იყოს 30-40 ათასი რუბლი.

„დემოგრაფიის ეროვნული პროექტისთვის მთავრობას სჭირდება "რამდენიმე ათეული ტრილიონი რუბლი წელიწადში", ამიტომ, უშვილო ადამიანებმა უნდა გადაიხადონ გადასახადი, მაგრამ ასეთივე გადასახადი უნდა დაუწესდეთ როგორც ერთშვილიან ოჯახებს, ასევე იმ ოჯახებს, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლიათ შვილის გაჩენა“, - აღნიშნა ალექსეი ზუბეცმა.

„ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ უშვილობის გადასახადის შემოღების იდეა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა, - ჩვენ უნდა გავაანალიზოთ საბჭოთა გამოცდილება. ერთი შეხედვით, ამ გადასახადმა დიდად ვერ იმოქმედა დემოგრაფიულ ვითარებაზე. თუმცა ეს უნდა გაარკვიონ სპეციალისტებმა“.

საზოგადოების რეაქცია: უკან წარსულში!

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ბევრისთვის მოულოდნელად, უშვილობაზე გადასახადის შემოღების იდეას პროვოკაცია უწოდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ოჯახის საკითხთა და დედობის კომისიის თავმჯდომარემ, ფიოდორ ლუკიანოვმა მკაცრად გააკრიტიკა უშვილობის გადასახადის შემოღების იდეა, სასულიერო პირმა მას უწოდა პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. ჩაილდფრის პროპაგანდის ამკრძალავი კანონპროექტის ჩაგდებას.

„ასეთი იდეების შემოგდების ერთადერთი მიზეზი ტრადიციული ოჯახის მხარდაჭერისა და დესტრუქციული იდეოლოგიების შეზღუდვის ინიციატივების დისკრედიტაციაა. ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის ასეთი აქტიურობა რუსეთის სუვერენიტეტის შესუსტებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული საზოგადოების ძალისხმევის სისწორეს, დაიცვას თავი დესტრუქციული იდეოლოგიებისა და სუბკულტურებისგან“, - უთხრა ლუკიანოვმა სააგენტო „რია ნოვოსტის“.

პოლიტიკის ანალიტიკოსის, ანდრეი ნიკულინის თქმით, მიუხედავად მთელი სიგიჟისა, „უშვილობის“ გადასახადი ძალიან ზუსტად ჯდება რუსეთის შეშლილ რეალობაში:

„ლოგიკური იქნება, თუ ამ კანონს მიიღებენ. არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეზღუდავს უფროსობის ნებისმიერ ფანტაზიას“.

რუსეთში ბევრს გაახსენდა, რომ ანალოგიური გადასახადი არსებობდა საბჭოთა კავშირსა და ზოგიერთ სოციალისტურ ქვეყანაში (რუმინეთი, პოლონეთი) და მიზნად ისახავდა მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას. რუსეთის ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ გარდა არჩევნების შეზღუდვისა, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ შვილების გაჩენა ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის სურვილის საკითხი, რომ ბევრისთვის უშვილობა სამედიცინო პრობლემაა, რომელთან გამკლავება უზარმაზარ დანახარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან ინ ვიტრო განაყოფიერება (In vitro fertilisation) ან სხვა გზით პრობლემის გადაჭრა ძალიან ძვირი ჯდება.

„რატომ არ განიხილავს მთავრობა მკურნალობის დაფინანსებას, თუ ის მართლა ასე წუხს დემოგრაფიაზე?“ - კითხულობენ ისინი.

საბჭოთა კავშირში, 1941 წლიდან 1992 წლამდე პერიოდში, 20-დან 50 წლამდე უშვილო მამაკაცები და 20-დან 45 წლამდე უშვილო, გათხოვილი ქალები მართლაც იბეგრებოდნენ უშვილობის გადასახადით. ისინი სახელმწიფოს უტოვებდნენ თავიანთი ხელფასის 6%-ს.

თუმცა ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერის, აბას გალიამოვის თქმით, მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რა არსებითი განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ რუსეთს შორის. მისი თქმით, „სსრკ-ის გაცხადებული კურსის მიმართულება იყო მომავალი, პუტინი კი ცდილობს წარსულში დაბრუნებას“

„კომუნისტები ახორციელებდნენ ისტორიაში უპრეცედენტო ექსპერიმენტს, რომელიც ჩაიშალა, რაც მაშინვე არ გამხდარა აშკარა, რის გამოც კარგა ხნის განმავლობაში ქვეყანა მომავლისკენ სვლის იმედით ცხოვრობდა. პუტინის რეჟიმი კი საპირისპირო მიმართულებით მიდის. პირველ წლებში იგი თავშეკავებულად მოქმედებდა - ცდილობდა, მხოლოდ გვიანი საბჭოთა პერიოდის ზოგიერთი სიმბოლო და პრაქტიკა გაეცოცხლებინა, ახლა კი მთელი ძალით გადაეშვა არქაიზმში“.

აბას გალიამოვის თქმით, რუსეთი მრავალი პარამეტრით უბრუნდება ტოტალიტარულ 30-იან წლებს, გარკვეული მიმართულებით კი უფრო შორს წავიდა, სრულიად ველური რაღაცები გააცოცხლა.

„ავიღოთ, მაგალითად, კადიროველები: არსებითად, ეს არის ახალი ოპრიჩნინა - ისეთივე, როგორიც ივანე მრისხანეს ჰყავდა. ამჟამინდელი რეჟიმის საბჭოთა რეჟიმთან შედარება ნიშნავს ამ ფუნდამენტური განსხვავების იგნორირებას, მოძრაობის მიმართულების - წინ და უკან - არევას. ამ მძღოლმა [პუტინმა] მხოლოდ უკანა სიჩქარით ტარება იცის“, - დაწერა აბას გალიამოვმა სოციალურ ქსელ Telegram-ზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG