ოფიციალური ვერსიით, 10 ოქტომბერს უცნობმა პირმა კერძო სახლის ვერანდაზე მყოფ დაზარალებულს ოთხჯერ ესროლა. ალიხაჯიევი რეანიმაციაშია.
მსხვერპლის ვინაობა ოფიციალურად არ დაუსახელებიათ. ის, რომ საუბარია ყოფილ მაღალჩინოსანზე, საგამოძიებო კომიტეტის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა გაზეთმა „კომერსანტმა“ და დაადასტურა სახელმწიფო არხმა „ვესტიმ“.
შერიპ ალიხაჯიევს ჩეჩნეთის ყოფილი მეთაურის, ახმად კადიროვის მოკავშირეს უწოდებენ. 2000-იან წლებში ალიხაჯიევი ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის შალის რაიონს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2003 წელს, მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიიღო სიმამაცის ორდენი „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი გამბედაობისთვის სიცოცხლისთვის საშიშროების შემცველ პირობებში“.
შემდეგ ალიხაჯიევი სამუშაოდ წავიდა ინგუშეთში, სადაც გახდა რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2007 წელს ახმად კადიროვის ვაჟმა რამზანმა შალის რაიონის ყოფილ უფროსს „ბოროტმოქმედი“ უწოდა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ ჩეჩნეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კადიროვს არ განუმარტავს, რა მუხლით და კონკრეტულად რა გახდა დევნის მიზეზი, აღნიშნავს Kavkaz.Realii.
ახლა ალიხაჯიევი მუშაობს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ვლადიმირ შამანოვის, ჩრდილოეთ კავკასიაში ფედერალური ძალების გაერთიანებული ჯგუფის ყოფილი მეთაურის, თანაშემწედ.
10 ოქტომბერს რამზან კადიროვი სისხლიანი შურისძიების გამოცხადებით დაემუქრა ფედერაციის საბჭოს წევრს დაღესტნიდან, მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს და სახელმწიფო დუმის დეპუტატს ამავე რესპუბლიკიდან, რიზვან ყურბანოვს. მუქარა ძალაში შევა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ კავშირი არა აქვთ ჩეჩნეთის მეთაურის მკვლელობის შეკვეთის სავარაუდო მცდელობასთან. ამასთან, კადიროვმა უპირობოდ უკვე გამოუცხადა სისხლიანი შურისძიება ინგუშეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ბეკხან ბარახოევს.
ფორუმი