გასულ კვირაში ისრაელის წინააღმდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან განხორციელებული საპასუხო სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანმა მოამზადა ისრაელის შესაძლო თავდასხმაზე საპასუხო გეგმა - იტყობინება ადგილობრივი მედია კვირას.
"სიონისტების (ისრაელის) შესაძლო მოქმედებებზე საჭირო რეაგირების გეგმა მთლიანად მომზადებულია", - შეიარაღებულ ძალებში "ინფორმირებულ წყაროზე" დაყრდნობით განაცხადა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა
1 ოქტომბერს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) შურისძიების მიზნით 200-მდე რაკეტა დაუშინა ისრაელს მას შემდეგ, რაც ისრაელის მიერ მოწყობილი სხვადასხვა თავდასხმის დროს დაიღუპნენ თეირანის მოკავშირე დაჯგუფებების ლიდერები.
"თუ ისრაელი მოქმედებებს მიმართავს, ირანი უეჭველად განახორციელებს საპასუხო შეტევას", - განაცხადა Tasnim-მა.
სააგენტო დასძენს, რომ ირანს აქვს "ისრაელის სამიზნეების დიდი სია" და რომ ირანის შეტევამ სამშაბათს "აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია მიწასთან გავასწოროთ ნებისმიერი ადგილი”.
სარაკეტო შეტევა, რომელიც ირანის ისტორიაში მეორე პირდაპირი შეტევა იყო ისრაელზე, 1 ოქტომბერს განხორციელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ბეირუთში დაიღუპნენ ჰეზბოლას მეთაური ჰასან ნასრალა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უფროსი გენერალი აბას ნილფორუშანი.
ეს იყო ასევე შურისძიება პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის თეირანში, 31 ივლისს მასზე თავდასხმის შედეგად, რაშიც ბევრი ისრაელს ადანაშაულებს.
საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის 5 ოქტომბრის გამაფრთხილებელი განცხადების თანახმად, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, იქნება "პროპორციული და მსგავსი რეაქცია ირანისგან, და კიდევ უფრო ძლიერი".
6 ოქტომბერს ირანის ნავთობის მინისტრმა მოჰსენ ფაქნეჯადმა ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის შესაძლო თავდასხმების მზარდი შეშფოთების ფონზე მოინახულა ნავთობის საკვანძო ობიექტი სპარსეთის ყურეში.
5 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ურჩია ისრაელს, არ მიიტანოს იერიში ნავთობის ობიექტებზე ირანში.
ფორუმი