ო'ბრაიენი შეშფოთებას გამოხატავს და ამბობს, რომ მიღებული კანონპროექტი საქართველოს ევროპისგან აშორებს.
"შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპისგან აშორებს. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - წერს ო'ბრაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.
3 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტთა პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.
ხელმოწერის შემდეგ კანონი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება. მისი ბოლო მუხლის თანახმად, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტოს უფლებამოსილება არ გამოუყენებია. შესაბამისად, კონსტიტუციის თანახმად, დოკუმენტს პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. ის დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.
ფორუმი