Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კოალიციამ ცვლილებისთვის" ყრილობა გამართა


ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის" ყრილობაზე. 1 ოქტომბერი, 2024 წელი
ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის" ყრილობაზე. 1 ოქტომბერი, 2024 წელი

პირველი ყრილობა გამართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. ღონისძიება 1 ოქტომბერს შედგა რუსთავში, სადაც მათ მხარდაჭერებს კიდევ ერთხელ წარუდგინეს საარჩევნო სიის ოცეული.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა კოალიციის სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული „ქალი ევროკავშირის დროშით“. მალაშხია თბილისის მერიაში, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

"მრავალი წელია, მე ვარ საჯარო მოხელე. ჩემი და ათასობით საჯარო მოხელის სამუშაო მეტწილად უხილავია. ჩვენ არ ვქმნით საინფორმაციოების ახალი ამბების სათაურებს, ვშრომობთ ჩუმად, ვემსახურებით ქვეყანას, რომელიც ძალიან გვიყვარს. ალბათ ამიტომაც, სწორედ აქ დგომა და კოალიციის ლიდერობა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის, თუმცა გამოვუხმე ჩემს ძალებს და მტკიცედ მჯერა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა დროის ამ კონკრეტულ მომენტში", - თქვა მან.

ღონისძიებაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს ასევე კოალიციის ლიდერებმა, მათ შორის პარტია "ახლის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართა და დაპირებები გააცნო:

"მე მინდა მივმართო სტუდენტს. ჩემო ძვირფასო, შენ როგორ ისწავლი და ისწავლი თუ არა, ეს შენი, ჩემიც, ყველა ჩვენთაგანის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ჩვენი კოალიცია ყველაფერს გააკეთებს, იმის გამო, რომ ფული არ გაქვს, არ დარჩე უსწავლელი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონხარ, არ დარჩე უსწავლელი, იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში შენთვის პირობები არ არის, არ დარჩე უსწავლელი...

მინდა მივმართო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს. არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ ეს ქვეყანა, ყველა ქართული ქალაქი თქვენი არაა. არცერთი წამით არ იფიქროთ, რომ ვერ დაბრუნდებით, რომ ვინმეს დაავიწყდებით. ჩვენი დაბრუნება არაა ომში, ამ ქვეყანაში ომი არ იქნება არასდროს, ჩვენი დაბრუნება გადის ევროკავშირზე.

მინდა მივმართო მასწავლებელს. ჩემო ძვირფასო, მომთმენო და გონიერო, არცერთი წამით არ იფიქრო, რომ ამ ქვეყანას დაავიწყდები და ყველა ხელისუფლება ისე გამოგიყენებს, როგორც ეს სამარცხვინო ხელისუფლება. ღირსეული ცხოვრება, განვითარება და თვითგანათლების პირობები, შენი მოსწავლეების კეთილდღეობა - ეს არის, რასაც გპირდება ჩვენი კოალიცია. მომავალი შენია", - თქვა ნიკა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას.

ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სიაში არ არის. 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ დარჩება კოალიციის ლიდერად და ასევე უხელმძღვანელებს საარჩევნო კამპანიას. პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება და არც მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ ხედავს საკუთარ თავს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, მხარს დაუჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებული „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული ე.წ. გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, რომელსაც არაპარტიული პირი უხელმძღვანელებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG