კალაძეს დეკლარაციის შევსება ყოველი წლის იანვარში უწევს.
- წლების განმავლობაში ის დეკლარაციებში უთითებდა, რომ მილიონობით ევრო და დოლარი ჰქონდა იტალიურ Intesa Sanpaolo-სა და შვეიცარიულ Julius Baer-ში.
- 2022 წელს Intesa Sanpaolo-ში მის ანგარიშზე იყო 4 200 000 დოლარი, Julius Baer-ში კი 3 672 375 ევრო და 765 000 დოლარი.
- 2023 წლის დეკლარაციაში მას აღარ ჩაუწერია Julius Baer-ში საბანკო ანგარიშის არსებობაზე, 2024 წელს კი Intesa Sanpaolo-ის ანგარიშზე.
ბოლო, 2024 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 4,2 მილიონი ევრო, ზუსტად იმ მოცულობის თანხა, რომელიც Intesa Sanpaolo-ში ჰქონდა, 2023 წლის 6 მარტს სესხად გასცა. 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, მან ფიზიკური პირს ასესხა 870 ათასი დოლარი.
„ვიღაცას დაასანქცირებენ, არ დაასანქცირებენ - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს... რატომ უნდა შევინახო? ჯერ ნახეთ ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს. გაძარცვეს და რატომ უნდა ვენდო [უცხოურ ბანკებს]?!“ - უთხრა კახა კალაძემ „TV პირველის“ ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რატომ აღარ ინახავს იგი თანხას უცხოურ ბანკებში.
გუშინ, 29 სექტემბერს კი, ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულ, ხელისუფლების წარმომადგენელ 60 პირს შორის ერთ-ერთი კახა კალაძეა. საუბარია სავიზო აკრძალვაზე და ისეთ ფინანსურ სანქციებზე, რომლებიც 17 სექტემბერს აშშ-მა პოლიციის ორ მაღალჩინოსანს დაუწესა. მათ უცხოურ ვალუტაზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, სანქციები არ დაჰკისრებია, თუმცა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.
გულისხმობენ შვეიცარიულ კერძო ბანკ Credit Suisse-ს, რომელთანაც სასამართლო დავა აქვს. ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ში მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
ფორუმი