Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს დააკისრა 743 მილიონი დოლარის გადახდა ივანიშვილის სასარგებლოდ


ბიძინა ივანიშვილი. ილუსტრირებული ფოტო
ბიძინა ივანიშვილი. ილუსტრირებული ფოტო

„სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას დააკისრა 742,7 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკმა დაარღვია აქტივების დაცვის ვალდებულებები, - წერს Bloomberg.

სასამართლომ საქმეზე პირველი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მიიღო. მაშინ ზარალი 926 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა შემდეგ მოხდა თანხის კორექტირება, რათა თავიდან აეცილებინათ თანხის ორმაგი ანაზღაურება. 2022 წელს, ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ამავე საქმეში შვეიცარიულ კომპანიას 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

როგორც ჩანს, ივანიშვილის ადვოკატებს ჯერ კიდევ წინ აქვთ სააპელაციო პროცესი. Credit Suisse აპირებს სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ექსპერტების შეფასებით, სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ის არის პირველი გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა გადაყლაპა პრობლემური Credit Suisse.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს რამდენიმე იურისდიქციაში ედავება. მთლიანი თანხა, რასაც ივანიშვილი ითხოვს, დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. ივანიშვილი აცხადებს, რომ დაზარალდა ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის ქმედებებით.

ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ში მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.

2018 წელს პატრის ლესკოდრონი გაასამართლეს თაღლითობის გამო. ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის გაათავისუფლეს 2019 წელს, 2020 წლის ივლისში კი მან თავი მოიკლა. Credit Suisse-ის ოფიციალური პოზიციაა, რომ ბანკს არ ჰქონდა ინფორმაცია თანამშრომლის თაღლითობის შესახებ და, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG