Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც - კალაძე Credit Suisse-ისა და ივანიშვილის დავაზე


კახა კალაძე
კახა კალაძე

"ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც", - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მხრიდან შვეიცარიული ბანკის ქმედებების რეკეტად შეფასებას ეხებოდა.

კალაძის თქმით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს.

"რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს", - განაცხადა თბილისის მერმა.

Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს. ერთი შეეხება შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილმა ფინანსური ზარალი მიიღო.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს და ბანკს 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან დაიწყო 2011 წელს, როცა ის კერძო საბანკო მომსახურების სფეროში იყო მისი კლიენტი. ამ პერიოდში გავრცელდა საქმის დეტალები, რომლის მიხედვით, ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავალობაში ბანკის თანამშრომელი, პატრის ლესკოდრონი, იპარავდა ფულს შვეიცარიული ბანკის ყველაზე კონფიდენციალური ანგარიშებიდან, რომელთა შორის იყო ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვიტალი მალკინის ანგარიშები. შვეიცარიის მარეგულირებელი ფირმის, Finma-ს ანგარიშის თანახმად, რომელიც თებერვალში გავრცელდა, Credit Suisse-მა არ მიიღო ზომები არაერთი გაფრთხილების და ასეულობით საეჭვო გარიგების შესახებ მტკიცებულების და ოთხი ოფიციალური დისციპლინარული განხილვის შემდეგ.

XS
SM
MD
LG