Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: ბრალდებულმა კესარია აბრამიძეს წინასწარ ნაყიდი დანით 28 ჭრილობა მიაყენა


19 სექტემბერს პარლამენტის შესასვლელთან პატივი მიაგეს კესარია აბრამიძის ხსოვნას.
19 სექტემბერს პარლამენტის შესასვლელთან პატივი მიაგეს კესარია აბრამიძის ხსოვნას.

საქართველოს პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულ ახალგაზრდა კაცს ბრალი წაუყენა. უწყება ამტკიცებს, რომ 26 წლის კაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.

გამოძიების ცნობით, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძესა და ბრალდებულს უთანხმოება მოუვიდათ და ამ მოტივით დაშორდნენ. მკვლელობის დღეს, 15:50 საათზე კი, ბრალდებულმა გასაშლელი დანა შეიძინა და მასთან შეხვედრა „განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით“ გადაწყვიტა.

„ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ [რაზეც თანხმობა მიიღო]“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 19:10 საათზე მივიდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, შეხვედრის შემდეგ კაცმა ქალს ჯერ ხელი დაარტყა, შემდეგ კი დანით 28 ჭრილობა მიაყენა.

„[მკვლელობის შემდეგ ბრალდებული] ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა“, - წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ კაცი პოლიციამ ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერა და დააკავა.

საგამოძიებო უწყებას მტკიცებულების სახით აქვს დანაშაულის დეტალებზე ბრალდებულთან საუბრის ამსახველი „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“.

კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ ბინაში 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG