Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია აფხაზებს ურჩევს, არ აიღონ თბილისის მიერ შეთავაზებული „ნეიტრალური პასპორტები“


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი არავის ურჩევს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტების“ აღებას.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას" ცნობით, ინტერვიუში, რომელიც აფხაზური ტელევიზიის ეთერში 19 სექტემბერს, საღამოს გავიდა, ბჟანიამ თქვა, რომ „ძალიან გააკვირვა" ადგილობრივი „პარლამენტის" ყოფილი დეპუტატის, ლეონიდ ჩამაგუას განცხადებამ, რომ აფხაზებმა „ნეიტრალური პასპორტებით“ უნდა ისარგებლონ.

გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ მოსკოვმა ზოგიერთ „ურჩ" აფხაზს შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას, ჩამაგუასთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენონ „გაეროს მიერ შეთავაზებული“ ეს პასპორტები, თუ, მაგალითად, ადამიანს მძიმედ დაავადებული ნათესავი ჰყავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება.

ამ მოსაზრების შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად ასლან ბჟანიამ თქვა, რომ „ნეიტრალური პასპორტების“ მიღების ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს, მაგრამ, „როგორც ჩანს, ვიღაც ამისთვის უკვე მზად არის“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანახმად, ეს „პირობითად ნეიტრალური პასპორტებია“, იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის და წარმოადგენს თბილისის მიერ „ოკუპირებულად წოდებული" აფხაზეთის რეინტეგრაციის პროგრამის ნაწილს.

„მე არავის ვურჩევ ნეიტრალური პასპორტების აღებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი, აფხაზური პასპორტები. გვაქვს ჩვენი მოკავშირის(რუსეთის) პასპორტები და ეს სრულიად საკმარისია“, - განაცხადა ბჟანიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე იუსტიციის სახლებში შეუძლიათ აიღონ ჰუმანიტარული ხასიათის ორი საბუთი - პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.

მოწმობით შესაძლებელია სოციალური მომსახურების უფასოდ მიღება, ნეიტრალური დოკუმენტით კი - საზღვარგარეთ გამგზავრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG