Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს


მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალს“ მიმართავს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდეს. ამის შესახებ სააკაშვილმა ილაპარაკა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც კლინიკა „ვივამედიდან“ ვიდეოკავშირით ჩაერთო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მსჯავრდადებული და ბრალდებულია - დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა „7 ნოემბრის საქმეზე“ იმართება.

„თავიდან ჩემი ინიციატივა იყო, ყველა გავერთიანებულიყავით. ნუ, რადგან ეს არ გამოდის, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ... „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებში ყველა ვარიანტში პირველ ადგილზე გავა, ეჭვი არ მეპარება“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

პარტია „ახალზე“ საუბარი მან დაიწყო „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხით. სასამართლო სხდომის გახსნიდან რამდენიმე წუთში გახდა ცნობილი, რომ "ლელომ" და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ საარჩევნოდ გაერთიანებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ, სავარაუდოდ, ინფორმირებული არ იყო:

„მე მივესალმები ორი სუბიექტის გაერთიანებას, „ლელოსი“ და გახარიასი. მივესალმები, მიუხედავად ბევრი კითხვისა, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პარტია „ახალს“, მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

პარტია „ახალი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დააფუძნეს. მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიამ შექმნა „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელშიც მასთან ერთად გაერთიანებული არიან „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG