Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გახარია საქართველოსთვის“: ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა


მამუკა ხაზარაძე (მარცხნივ) და გიორგი გახარია
მამუკა ხაზარაძე (მარცხნივ) და გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, ამ ეტაპზე ვერ შედგა შეთანხმება პარტიასთან, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. პარტია მადლობას უხდის „ლელოს“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.

ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია.

საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, - წერია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.

გახარიას პარტია იმედს გამოთქვამს, რომ „ლელოსთან“ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ითანამშრომლებს.

„ჩვენსა და “ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პარტია „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, გიორგი გახარიას პარტიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა ბოლო დღეებში გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

შეკითხვაზე, პარიტეტზე შეუთანხმებლობა გახდა თუ არა მთავარი მიზეზი, რის გამოც ორ პარტიას შორის შეთანხმება ვერ შედგა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე კონკრეტულად გახარიასა და ყოფილ „ლელოს“ შორის შეთანხმება არის, თუმცა მან დამატებით ფაქტორად დაასახელა „ლელოსთან“ გაერთიანებული სხვა პოლიტიკოსები.

18 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გიორგი გახარიას მათთან „თანაბარ, სწორუფლებიან პარტნიორად“ შესვლა შესთავაზა. „ვის რა ზომა, წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს არ არის მთავარი“, - დააზუსტა მან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ „ლელოს“ საარჩევნო ნომრით და სიით არჩევნებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური გუნდები. „ჩვენ ოთხი პარტია ვართ გაერთიანებული, ოთხი პოლიტიკური სუბიექტი და ისინი [„გახარია საქართველოსთვის“] გახდნენ ჩვენი კოალიციის წევრები, ძალიან მკაფიო შეთავაზებაა“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა 18 სექტემბერს „TV პირველის“ ეთერში.

გიორგი გახარიამ კი ამავე დღეს, ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში თქვა, რომ მოლაპარაკება მიდის ორ პოლიტიკურ სუბიექტს [„გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“] შორის.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ორ საარჩევნო სუბიექტზე, ორ ნომერზე - ეს არის 9 ნომერი და 25 ნომერი, არ არსებობს სხვა სუბიექტები. ეს დაჯგუფება, რომელიც მოხდა ან მომავალში შეიძლება მოხდეს, საბოლოოდ, ეს არის ერთი ერთეული. ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ ჩვენ. თუმცა ყველა პარტია, არ აქვს მნიშვნელობა სიდიდეს, რომელსაც შეუძლია მინიმალური, თუნდაც 0,1%-ის მოტანა, უნდა იყოს გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული. სხვანაირად ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ“, - თქვა გიორგი გახარიამ.

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 13 სექტემბერს გამოქვეყნდა, ამ ორ პარტიას დაახლოებით, თანაბარი მხარდაჭერა აქვს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონის მეთოდით:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა - 34%;
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19.2%;
  • გახარია - საქართველოსთვის - 10.6%;
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.8%;
  • კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 9.1%;
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.9%;
  • ლეიბორისტული პარტია - 5.1%;
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%;
  • ჩვენ - დავით ქაცარავა - 2.1%;
  • სხვა პარტიები - 1.2%.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ მოუწოდა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიებს.

„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის ("ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის") ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, - თქვა პრეზიდენტმა 16 სექტემბერს.

ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა მათი არჩევნებში ერთად მონაწილეობისთვის საერთო საარჩევნო სიის შექმნაა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG