პარლამენტთან მისულმა მოქალაქეებმა ასევე კიბეზე დაალაგეს საპროტესტო ბანერები წარწერებით: "მკვლელობის 84 დამკანონებელი", "ოცნება კლავს", "სისხლად ნუ გვიქცევთ დაღვრილ ცრემლებს", "არა ფაშისტურ კანონს". ამით მათ გააპროტესტეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.
კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ სახლში 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. შსს-ს ცნობით, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი ბ.ჯ. 19 სექტემბერს დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ერთხმად, მიიღო.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადება გაავრცელეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. მათ დაგმეს სიძულვილის, ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დაკანონების პროცესი პარლამენტში. ორგანიზაციების შეფასებით, კანონების პაკეტის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა კრიტიკული რეკომენდაციები და პარლამენტს მოუწოდა, არ გაეგრძელებინა მასზე მუშაობა.
ფორუმი