Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებით - მეთიუ მილერი სანქციებზე


მეთიუ მილერი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი
მეთიუ მილერი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის [ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური], და "ალტ-ინფოს" ლიდერებისთვის [კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე] დაწესებულ სანქციებზე განცხადებით გახსნა 16 სექტემბრის ბრიფინგი.

მილერის თქმით, აშშ "ღრმად შეშფოთებულია" საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებების გამო, რაც, მისივე განცხადებით, არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს.

"ე.წ. აგენტების კანონის მიღების დროს ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ძალადობრივად დაარბია ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს აშშ აწესებს სანქციებს ხელისუფლების ორ წარმომადგენელსა და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერზე, ასევე სავიზო აკრძალვებს 60-ზე მეტ პირზე, ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, კორუფციისთვის ან სხვა არადემოკრატიული ქმედებებისთვის", - თქვა მან ბრიფინგზე და განმარტა, რომ სანქციები წესდება ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში, "მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მცდარი განცხადებების გამო, რაც ეწინააღმდეგება საქართველოსთან ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ურთიერთობის სულისკვეთებას".

მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოს მთავრობას შეუძლია ევროატლანტიკურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, "ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის" გაწვევითა და ევროინტეგრაციის რეფორმებსა და რეკომენდაციების შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენებით.

"ბოლო 32 წელია, აშშ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია საქართველოს გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ქვეყანას ჰქონდეს უნარი, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც მის ხალხს სურს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები დაუწესდათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

"აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში.
კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან კავშირში", - წერია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დაიბლოკება დასანქცირებული პირების საკუთრებაში შეერთებულ შტატებში არსებული ყველა ქონება. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობენ დასანქცირებული პირები და რომლებშიც 50% ან მეტი წილი აქვთ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხივე დასანქცირებული პირი დაამატეს "გლობალურ მაგნიტსკის სიაში".

დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".

ფორუმი

XS
SM
MD
LG