6 აგვისტოს უკრაინის ჯარები სუმის ოლქიდან შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე და სწრაფად დაიკავეს კურსკის ოლქის სუჯის რაიონის მოზრდილი ნაწილი.
მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე მნიშვნელოვან და რეზონანსულ წარმატებას მიაღწია რუსეთის ამ რეგიონში და მოსკოვმაც კი აღიარა, რომ კიევმა ხელში ჩაიგდო მრავალი დასახლებული პუნქტი და ტერიტორიის ასეულობით კვადრატული კილომეტრი დაიკავა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის ტერიტორიის ამ ყველაზე მასშტაბური ოკუპაციის პროცესში კიევი აცხადებს, რომ მის მიზნებს შორისაა, უკან დაახევინოს რუსეთის არტილერიას, მოშალოს მომარაგების ხაზები და აიძულოს რუსეთი, ძალები მოხსნას აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტიდან, სადაც მოსკოვი უკანასკნელ თვეებში სერიოზულ წარმატებებს აღწევდა.
ამასობაში, როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ძალების წინააღმდეგ იერიში დაიწყეს კურსკის ოლქში და ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს.
მაშინ, როცა კურსკის ოლქში ბრძოლები გრძელდება, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური კურსკში უკრაინის ჯარების შეჭრას აკვირდება მოვლენების ინტერაქტიური რუკის მეშვეობით, რისთვისაც ის იყენებს და აზუსტებს ინფორმაციას ღია წყაროებში, მაგალითად, ტვიტერსა და ტელეგრამში.
რუკაზე წარმოდგენილია ცნობები მთავარი მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდა უკრაინის ჯარების მოულოდნელი ინტერვენციის დროს, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, მდინარე სეიმზე სამი ხიდის დანგრევა ანდა მოსახლეობის მასობრივი გაქცევა საბრძოლო მოქმედებების რაიონებიდან.
დააჭირეთ თითოეულ სიმბოლოს, რათა კიევის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას გაეცნოთ ინფორმაციას საბრძოლო მოქმედებების, სამოქალაქო პირთა ევაკუაციის, ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
რუკა ყოველდღე განახლდება და ასახავს უკანასკნელ მოვლენებსა და ტერიტორიული კონტროლის ნებისმიერ ცვლილებას.