Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენო პეტრიაშვილი: ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს


ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გენო პეტრიაშვილმა „ინსტაგრამზე“ დაწერა, რომ ემიჯნება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს.

„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო, ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, არის მიუღებელი და არაკორექტული. ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც, ისევე როგორც ჩემს მეგობრებს, მიმაჩნია, რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“, – დაწერა მან.

მანამდე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური შეხედულებები "მიუღებელია". ამის შესახებ მან ღონისძიების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა. ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.

პრეზიდენტმა ცერემონიაზე მიიწვია ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, თუმცა ღონისძიებას არცერთი მათგანი არ დაესწრო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG