„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 23 წლის საბა მეფარიშვილი, რომელსაც ბრალად ედება პარლამენტის შენობის წინ დროებითი რკინის კონსტრუქციის დაზიანება, ადმინისტრაციული წესითაც დააჯარიმეს.
10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ჩიკაშუამ მეფარიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა. პროცესი კი 16 აგვისტოს გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ადვოკატმა თათია კონიაშვილმა, რომელიც მეფარიშვილის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები უკავშირდება ერთსა და იმავე დღეს, 14 მაისს, როდესაც პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.
როგორც ადვოკატმა გვითხრა, საბა მეფარიშვილი იმ დღეს, როდესაც რკინის კონსტრუქცია დაზიანდა, დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. დაახლოებით დღე-ნახევარში ის გაათავისუფლეს და 16 მაისს მეორედ დააკავეს და უკვე ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის წესით.
თათია კონიაშვილის თქმით, ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო, რომელიც, ადვოკატის შეფასებით, ურთიერთგამომრიცხავი იყო.
„შსს-ს წარმომადგენელი საუბრობდა, რომ პარლამენტის შენობასთან განთავსებული დროებითი კონსტრუქციის წინ ვითომ იყო სპეცრაზმის კორდონი, რომლის გარღვევასაც საბა ცდილობდა. ეს აბსურდია, რადგან სისხლის სამართლის საქმის მასალებში ჩანს, რომ დროებითი კონსტრუქციის წინ პოლიციელები არ იდგნენ, [მოქალაქეები] უბრალოდ აზიანებენ რკინის კონსტრუქციას, შემდეგ პარლამენტის შენობის მხრიდან გამოვიდნენ სპეცრაზმელები და საბა მეფარიშვილი დააკავეს.
ერთმა პოლიციელებმა თქვა, რომ რკინის კონსტრუქციის შიგნით იდგნენ და ხედავდნენ რას აკეთებდა საბა, შემდეგ კი გამოვიდა სამართალდამცველთა კორდონი და დადგა. შსს-ს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ ეს კორდონი თავიდანვე იდგა წინ, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსურდი გამოდის, თითქოს კორდონის უკან იდგა საბა მეფარიშვილი და რაღაცას აზიანებდა“, - გვითხრა ადვოკატმა და დაამატა, რომ შსს-ს მიერ პროცესზე წარდგენილ 60-წამიან ვიდეომტკიცებულებაში მხოლოდ დაკავების კადრები არის ასახული და იქ სპეცრაზმის კორდონი არ ჩანს.
ადვოკატები მოგვიანებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრონ თუ არა ადმინისტრაციული წესით მეფარიშვილის 2 000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მეფარიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მას, აქციის კიდევ ერთი მონაწილის, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ბოლოს 14 აგვისტოს იყო დანიშნული, თუმცა, როგორც ადვოკატმა გვითხრა, ის განუსაზღვრელი ვადით გადადეს, მიზეზად კი მოსამართლის ავადმყოფობა დაასახელეს. უცნობია, პროცესი, როდის გაიმართება.
რკინის კონსტრუქციის დაზიანებით გამოწვეული 400-ლარიანი ზიანი DRI-მ აგვისტოს დასაწყისში აანაზღაურა. ამის შემდეგ კი დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. შემდეგ კი ადვოკატებმა პირადი თავდებობის დაყენების მიზნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, თუმცა, მას შემდეგ პროცესი არ გამართულა.
მეფარიშვილს და ოკრიბელაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, 28 მაისს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია. კანონი უკვე სრულად ამოქმედდა. ბოლო ორ თვეში საქართველოს ხელისუფლებას დაფინანსების ნაწილი შეუჩერეს პარტნიორმა ქვეყნებმა.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
ფორუმი