საავიაციო კატასტროფის დროს, რომლის ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა, დაიღუპა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი ოლექსი მესი („მუნფიში“).
„მან გმირულად გამართა ჰაერში თავისი ბოლო ბრძოლა. 26 აგვისტოს ოლექსიმ, რუსეთის მასირებული, კომბინირებული სარაკეტო-საჰაერო დარტყმების მოგერიების დროს, სამი ფრთოსანი რაკეტა და ერთი დამრტყმელი უპილოტო დრონი გაანადგურა“, - ნათქვამია საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.
სამხედრო უწყება მოუწოდებს ყველას, რომ არ ენდონ თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გავრცელებულ ვერსიებს და დაელოდონ ოფიციალურ გამოძიებას.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა განსაკუთრებით აღაშფოთა უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატის, მარიანა ბეზუჰლას მიერ გავრცელებულმა ფეისბუკის პოსტმა. სამხედრო უწყების ხელმძღვანელობის კრიტიკით ცნობილი დეპუტატი F-16-ის კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ე.წ. მეგობრულ ცეცხლს, ანუ თავისიანების მიერ თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებას ასახელებს.
„დავკარგეთ უფრო მეტი, ვიდრე გამანადგურებელი F16 არის“
უკრაინელი მფრინავი ოლექსი მესი 31 წლის წინ დაიბადა უკრაინის ხმელნიცკის ოლქის პატარა ქალაქ შეპეტოვკაში, სადაც იგი 29 აგვისტოს სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცხედრის სამარეში ჩაშვების დროს სასაფლაოს ორმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაუფრინა. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ „მუნფიშთან“ გამოსათხოვებლად, რუსეთის მხრიდან საავიაციო იერიშის საფრთხის მიუხედავად, უამრავი ხალხი შეიკრიბა.
„29 აგვისტოს მასთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ თანამოძმე მფრინავები, მეთაურები და ხელქვეითები, მეგობრები და კოლეგები, ასობით რიგითი უკრაინელი. ციდან ჩამოვარდნილ პილოტს მიგ-29-ის მებრძოლებმა მიაგეს პატივი. სამგლოვიარო პროცესიას ოლექსის სამხედრო მეგობრებმა გადაუფრინეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანებით, ვიცე-პოლკოვნიკ ოლექსი მესს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება“, - ნათქვამია ტელეგრამის არხით გავრცელებულ საჰაერო ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
უკრაინულ მედიაში ოლექსი მესის პროფესიონალიზმზე ბევრიც ითქვა და დაიწერა.
„26 აგვისტოს რუსეთის მასირებული თავდასხმის დროს ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ გამანადგურებელი F-16. ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი: ამ დღეს დაიღუპა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი, ოლექსი ("მუნფიში") მესი, ჩვენი თანამემამულე, შეპეტოვკის მკვიდრი“, - დაწერა ფეისბუკში ხმელნიცკის სამხედრო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა, სერჰი ჰამალიიმ.
უკრაინელი მოხელის ამ სიტყვებს ამ დღეებში ბევრი გამოცემა ციტირებდა, რადგან ოლექსი მესის დარი პროფესიონალი მფრინავის მომზადებას არა მხოლოდ მრავალი წელი, არამედ უამრავი ფულიც სჭირდება.
„F-16-ებზე გადაჯდომას მე შევადარებდი ღილაკიანი ტელეფონიდან "აიფონ 16"-ზე გადასვლას“
როგორც გამოცემა TCH წერს, ოლექსი მესი ყმაწვილობიდან ოცნებობდა ფრენაზე და ამიტომ პროფესიის არჩევაზე არ უფიქრია. სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ხარკოვის საჰაერო ძალების ივან კოჟედუბის სახელობის ნაციონალურ უნივერსიტეტში.
სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შედეგ მესმა სამხედრო სამსახური გააგრძელა კონტრაქტის საფუძველზე. იგი ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ოპერაციული ძალების მეთაურის მოადგილე და საესკადრო მხარდაჭერის ჯგუფის მეთაური გახდა.
ფსევდონიმი „მუნფიში“ („მთვარის თევზი“) ოლექსი მესმა მიიღო ერთ-ერთი კურიოზული შემთხვევის გამო, რაზეც იგი დაწვრილებით არ საუბრობდა.
2022 წლის სექტემბერში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში გამოჩენილი პირადი მამაცობისა და თავდადებული მოქმედებისთვის ახალგაზრდა მფრინავი დაჯილდოვდა მედლით „უკრაინის სამხედრო სამსახურისთვის“.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დროს ოლექსი მესი უკრაინული მიგ-29 გამანადგურებლების ესკადრილიის მეთაური იყო.
„მუნფიში“ ერთ-ერთი პირველი უკრაინელი სამხედრო მფრინავი იყო, ვინც აშშ-ში გამანადგურებელ F-16-ის მართვის შესწავლის მიზნით გაგზავნეს.
2023 წლის სექტემბერში ოლექსი მესის სწავლა თვითმფრინავის სიმულატორის კაბინიდან ნამდვილ თვითმფრინავ F-16-ზე გაგრძელდა. აშშ-ის ეროვნული გვარდიის საავიაციო ძალების 144-ე გამანადგურებელთა ფრთა იუწყებოდა, რომ უკრაინელი მფრინავი, ფსევდონიმით „მუნფიში“, F-16-ზე მომზადებას დიდ ბრიტანეთში გადიოდა.
უკრაინელების მიერ დასავლეთის გამანადგურებლებზე მომზადების კურსის გავლის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკ ოლექსი მესის არაერთხელ უსაუბრია უკრაინული ნაციონალური ტელემარათონის ეთერში.
„იმ თვითმფრინავებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს შეიარაღებაში, F-16-ებზე გადაჯდომას მე შევადარებდი ღილაკიანი ტელეფონიდან "აიფონ 16"-ზე გადასვლას“, - ამბობდა „მუნფიში“ ერთ-ერთ კომენტარში.
ამ სიტყვების სიმართლეში დარწმუნებული ოლექსი მესი, კიდევ ერთ ცნობილ სამხედრო მფრინავ ანდრი პილშჩიკოვთან ერთად, აქტიურად ლობირებდა უკრაინისათვის ამერიკულ გამანადგურებელ F-16-ების გადაცემას. პილოტებმა ერთად იმოგზაურეს აშშ-ში და შეხვდნენ ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი უკრაინის არმიისათვის „მებრძოლი შევარდნების“ გადაცემის აუცილებლობაში.
ნიშანდობლივია, რომ „მუნფიშის“ თანამოაზრე და თანამებრძოლი ანდრი პილშჩიკოვი („ჯუსი“) საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის 25 აგვისტოს დაიღუპა.
2023 წლის 25 აგვისტოს ჟიტომირის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს ერთმანეთს შეეჯახა ორი უკრაინული თვითმფრინავი - ავიაკატასტროფის დროს საჰაერო სარდლობის მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის სამი საბრძოლო პილოტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო ანდრი პილშჩიკოვი („ჯუსი“). მან სახელი გაითქვა კიევისთვის ბრძოლის დროს გამოვლენილი სიმამაცით. ანდრი პილშჩიკოვი ხშირად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიაში და დასავლეთს უკრაინისათვის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისაკენ მოუწოდებდა. შეჯახების დროს ასევე დაიღუპნენ ვიაჩესლავ მინკა და სერჰი პროკაზინი.
უკრაინის კუთვნილი F-16-ისა და „მუნფიშის“ დაღუპვის ძირითადი ვერსიები
ერთ-ერთი ვერსიით, პირველი უკრაინული F-16, სავარაუდოდ, ხმელნიცკის რეგიონში სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმის დროს განადგურდა. გამოცემა „მედუზას“ თანახმად, ავიაკატასტროფის ვერსიებად დასახელდა ასევე ტექნიკური გაუმართაობა და მფრინავის შეცდომა.
კიდევ ერთი ვერსიით, უკრაინული F-16 შეცდომით თავად უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ასეთ შეცდომებს სამხედროთა ენაზე „მეგობრულ ცეცხლს“ უწოდებენ. ეს ვერსია ეკუთვნის უკრაინის ვერხოვნა რადის წევრს, უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ყოფილ წევრს, მარიანა ბეზუჰლას. მან თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი შეტყობინება, რომელშიც სამხედრო სარდლობა დაადანაშაულა F-16-ის დაკარგვის თაობაზე ნამდვილი ინფორმაციის „დამალვაში“.
სამხედრო უწყების ხელმძღვანელობის კრიტიკით ცნობილი დეპუტატი ქალის ამ ბრალდებამ უკიდურესად განარისხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკი, რომელმაც მარიანა ბეზუჰლა მტრული პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„თქვენ, კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ პირადად მე და საჰაერო ძალებს მოსცხეთ ჩირქი, თქვენ ამერიკული იარაღის მწარმოებლების, უკრაინის მთავარი მოკავშირის, შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ახდენთ! თქვენ კიდევ ერთხელ გახდით მტრის პროპაგანდის მთავარი ნიუსმეიკერი და ყველა რეკორდს ხსნით რუსულ ტელევიზიებში!“, - წერს გენერალი ოლეშჩუკი, რომელმაც პირობა დადო, რომ უკრაინის სარდლობა დაადგენს გამანადგურებელ F-16-ის ჩამოვარდნისა და პილოტ ოლექსი მესის დაღუპვის მიზეზებს.
თუმცა თავად მიკოლა ოლეშჩუკი ალბათ ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის გამოძიებაში. 30 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის თანამდებობიდან მოხსნა.
ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო ამერიკული გამანადგურებლების პირველი პარტია, „მცირე“ რაოდენობა, როგორც ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყებოდა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
აგვისტოს დასაწყისში ამერიკული გამანადგურებლების საჰაერო შოუს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადევნებდა თვალს.
„ჩვენ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება გავმართეთ ჩვენი ავიაციის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პასუხად ხშირად გვსმენია: შეუძლებელია! მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გავხადეთ... ახლა კი ეს მართლაც რეალობაა, რეალობა ჩვენს ცაზე - F-16 უკრაინაშია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე კი პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ F-16-ის საშუალებით უკრაინელმა სამხედროებმა უკვე ჩამოყარეს რუსეთის რამდენიმე რაკეტა.
უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკული თვითმფრინავები არასაკმარისია და რომ ქვეყანას „კიდევ სჭირდება მფრინავების მომზადება“.
მაშინ უკრაინის პრეზიდენტს არაფერი უთქვამს უკრაინის კუთვნილი პირველი F-16-ის ჩამოვარდნასა და ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი პილოტის დაღუპვაზე.
ეს ყველაფერი მხოლოდ პრესკონფერენციის მეორე დღეს, 29 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც ვიცე-პოლკოვნიკი ოლექსი მესი მიწას მიაბარეს.
ფორუმი