უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა ჟიტომირის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტების ოჯახებს. მან თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა.
25 აგვისტოს ჟიტომირის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს ერთმანეთს ორი უკრაინული თვითმფრინავი შეეჯახა - ავიაკატასტროფის დროს საჰაერო სარდლობის მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის სამი საბრძოლო პილოტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო ანდრეი პილშჩიკოვი, მეტსახელად ჯუსი. მან სახელი გაითქვა კიევისათვის ბრძოლის დროს გამოვლენილი სიმამაცისათვის. ანდრეი პილშჩიკოვი ხშირად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიაში და დასავლეთს უკრაინისათვის F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისაკენ მოუწოდებდა. შეჯახების დროს ასევე დაიღუპნენ ვიაჩესლავ მინკა და სერჰი პროკაზინი.