Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევიდან დასავლეთით ერთმანეთს შეეჯახა უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი, დაიღუპა სამი პილოტი


ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნატეხი, ჟიტომირი, უკრაინა, 2023 წლის აგვისტო
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ნატეხი, ჟიტომირი, უკრაინა, 2023 წლის აგვისტო

უკრაინის ჟიტომირის რეგიონის თავზე, წვრთნის დროს, ერთმანეთს შეეჯახა უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი, - იუწყება გამოძიების სახელმწიფო ბიურო (DBR) 26 აგვისტოს.

DBR-ის განცხადებით, L-39-ის ტიპის ორი საჰაერო ხომალდის შეჯახება 25 აგვისტოს მოხდა, კიევიდან დასავლეთით.

თვითმფრინავების ნამსხვრევები ჩამოვარდა კერძო სახლების ეზოებში, ერთმანეთისგან 300-მდე მეტრის მოშორებით, - იუწყება რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური. მიწაზე არავინ დაშავებულა, არ დაზიანებულა სახლები.

DBR-მა დაიწყო გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს, იყო თუ არა თვითმფრინავები კარგ მდგომარეობაში და დაცული იყო თუ არა ყველა წესი ფრენის შესრულებამდე. სპეციალისტები შეისწავლიან ე.წ. შავ ყუთებს, რომლებიც ინახავს მონაცემებს თვითმფრინავების მოძრაობასა და პილოტების რეაქციებზე.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ერთ-ერთი დაღუპული პილოტი, ანდრი პილშჩიკოვი, ცნობილი პირი გახდა მას მერე, რაც საერთაშორისო მედიას რამდენიმე ინტერვიუ მისცა და გამოვიდა მოწოდებებით უკრაინისთვის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისკენ.

"ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს. ეს ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეული და გამოუსწორებელი დანაკარგია", - წერს საჰაერო ძალები ტელეგრამით.

სამი პილოტის დაკარგვა დარტყმას აყენებს უკრაინას, რომელიც იწყებს თავისი მფრინავების გაწვრთნას დასავლეთის მიერ მიწოდებული, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის.

ნატოს წევრი სახელმწიფოები - ნიდერლანდი, დანია და ნორვეგია - აპირებენ უკრაინას გაუგზავნონ F-16-ის თვითმფრინავები, რომელთა ზუსტი რიცხვი არ არის გამოცხადებული. კიევი ამბობს, რომ ეს თვითმფრინავები სჭირდება საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავებისგან შემდგარი საჰაერო ძალების გასაძლიერებლად, იმ ფონზე, როცა კიევი განაგრძობს კონტრშეტევას იქ შეჭრილი რუსეთის ძალების წინააღმდეგ და მოსკოვს უკრაინის ცაში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს.

XS
SM
MD
LG