პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი თეონა აქუბარდია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.
29 აგვისტოს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ თეონა აქუბარდია მის საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან აქტიურად თანამშრომლობდა.
„ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ. მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, - თქვა გახარიამ.
თეონა აქუბარდიამ ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც გახდა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი.
„ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად, არის: პირველი - „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა“, - განმარტა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდია მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გახდა. 2022 წლის ოქტომბერში მან გიორგი ვაშაძის გუნდი დატოვა. აქუბარდია დღემდე პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმების ჯგუფის“ წევრია ხათუნა სამნიძესთან, გიორგი ვაშაძესთან, პაატა მანჯგალაძესა და ტარიელ ნაკაიძესთან ერთად.
ფორუმი