Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მეხუთე სარჩელი შევიდა


ფოტო არქივიდან. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. თბილისი, გმირთა მოედანი. 2 მაისი
ფოტო არქივიდან. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. თბილისი, გმირთა მოედანი. 2 მაისი

დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „აგენტების კანონის“ შესახებ შეტანილი სარჩელების განხილვა. როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ თქვა, შესულია კიდევ ერთი, უკვე მეხუთე სარჩელი.

სასამართლო სხდომის პირდაპირ ეთერში ნახვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების Facebook და Youtube გვერდებზე.

საქმეს განიხილავს პლენუმი - სასამართლოს სრული შემადგენლობა, თუმცა ამ სხდომას ჯანმრთელობის გამო ვერ ესწრება ირინე იმერლიშვილი.

„შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინწინ, რომელიც არ არის ჯერ დარეგისტრირებული... ანალოგიური მოთხოვნებია ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერ პროცედურების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო ამ სარჩელებთან გაერთიანება, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დამატებით განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“, - თქვა მოსამართლემ.

მანვე განმარტა, რომ სარჩელი შეიტანა „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ“.

სასამართლო დღეიდან განიხილავს ოთხ სარჩელს:

  • პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
  • 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
  • 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
  • ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.

მოსარჩელეებს სასამართლოში წარმოადგენენ:

  • საქართველოს პრეზიდენტს - კახი სამხარაძე (სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი), ზურაბ მაჭარაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ეკა ბესელია (ყოფილი პარლამენტარი) და გიორგი ბურჯანაძე (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე);
  • არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს - გიორგი დავითური (IDFI), ქეთევან იმერლიშვილი (საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე);
  • პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს - მოქმედი დეპუტატები თამარ კორძაია („ერთიანობა“), ანა ნაცვლიშვილი („ლელო“ - „ძლიერი საქართველო“), სალომე რურუა და თამუნა მენაბდე;
  • „სტუდია მონიტორსა“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელს“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG