Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი


ფოტო არქივიდან. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. თბილისი, გმირთა მოედანი. 2 მაისი
ფოტო არქივიდან. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია. თბილისი, გმირთა მოედანი. 2 მაისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაახლა რეესტრების ვებგვერდები. განახლებულ ვებსაიტზე გამოჩნდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრიც“ (ე.წ. აგენტების რეესტრი), რომლის შექმნაც „აგენტების კანონით“ იყო გათვალისწინებული.

რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრითა და სახელით იქნება შესაძლებელი იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მოძებნა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსების გამო „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირება კანონით ევალებათ.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრის“ ვებგვერდი

ამ დროის [5 აგვისტო, 12:30 საათი] მონაცემებით, ამ რეესტრში ჯერ არცერთი ორგანიზაცია არ ჩანს. საჯარო რეესტრის "ცხელ ხაზზე" ამბობენ, რომ კანონი სულ რამდენიმე დღეა ამოქმედდა, ორგანიზაციები კი ამ ბაზაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოჩნდებიან.

1 აგვისტოს გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.

ფორუმი

XS
SM
MD
LG