სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, 121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის სახელით, გამოაცხადეს ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება. სარჩელს სასამართლოში დღეს, 17 ივლისს, შეიტანენ.
ორგანიზაციები სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, მოითხოვენ „აგენტების კანონში" შეტანილი არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას.
„ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც“, - თქვა გიორგი დავითურმა, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) წარმომადგენელმა.
დავითურის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ლახავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და სხვა ადამიანების დასახმარებლად. მისი შეფასებით, „რუსული კანონის“ მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, რითაც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.
ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა გადაწყვეტილებას, ასევე გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით.
მოსარჩელეები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში შეასრულებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედებას.
ამასთან, დავითურმა დაამატა, რომ ამზადებენ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
ფორუმი