Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარებას


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ საქართველოს მთავრობას უჩერებს 95 მლნ დოლარის დახმარებას, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და სიცრუის შემცველი განცხადებების გამო, რომლებიც არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

"23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება.

საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და სიცრუის შემცველი განცხადებები ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებთან შეუთავსებელია. სანამ ჩვენ მისივე ნაბიჯების გამო ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისადმი დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობის 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა გამოყო 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში.

"ჩვენმა მხარდაჭერამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების გადამზადებაში. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული”, - წერია განცხადებაში.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდება ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა.

5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG