Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Telegram-ის გუნდი პირველი განცხადებით გამოვიდა დუროვის დაკავების შემდეგ


პაველ დუროვი, "ტელეგრამის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
პაველ დუროვი, "ტელეგრამის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

საინტერნეტო შეტყობინებების კომპანია Telegram-ის გუნდი გამოვიდა პირველი განცხადებით მას შემდეგ, რაც პარიზში დააკავეს ამ კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი.

Telegram-ის ბლოგში ნათქვამია, რომ დუროვს დასამალი არაფერი აქვს, რომ ის ხშირად მოგზაურობს ევროპაში, ხოლო საკუთრივ კომპანია იცავს ევროკავშირის კანონებს, მათ შორის ციფრული მომსახურების სფეროში.

"აბსურდია იმის მტკიცება, რომ პლატფორმას ან მის მფლობელს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენებაზე", - წერია 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ Telegram-ით მსოფლიოში სარგებლობს მილიარდამდე ადამიანი და მას იყენებენ როგორც ურთიერთობის და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების წყაროს.

საფრანგეთის მედიამ 24 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ პაველ დუროვი საფრანგეთში, ლე-ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. იგი დაკითხეს და გუშაგთა კონტროლის ქვეშ დატოვეს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბიზნესმენი კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა აზერბაიჯანიდან. საფრანგეთის ხელისუფლებას ამ საქმეზე ოფიციალური განცხადებები არ გაუკეთებია.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი 25 აგვისტოს, დღისით, იუწყებოდა, რომ პარიზის პროკურატურა პრესისთვის განცხადებას გააკეთებს ორშაბათს, 26 აგვისტოს. სააგენტო საკუთრივ პროკურატურის ინფორმაციას ეყრდნობოდა.

France-Presse წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაველ დუროვი სასამართლოს წინაშე ახლო მომავალში წარდგება. სააგენტოს ინფორმაციით, დაპატიმრების ორდერი გასცა საფრანგეთის უწყებამ, რომელიც ებრძვის არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს (OFMIN) და ორდერი გაცემულია წინასწარი გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიემართება შესაძლო დარღვევებს, მათ შორის თაღლითობას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, კიბერსივრცეში გავრცელებულ მუქარას, ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორიზმის პროპაგანდას. დუროვს იმაში ადანაშაულებენ, რომ არ გაატარა ზომები თავისი პლატფორმის ბოროტმოქმედთა მხრიდან გამოყენების წინააღმდეგ. "საკმარისია Telegram-ის დაუსჯელობა", - France-Presse წერს, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ერთ-ერთ გამომძიებელს, რომელიც გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ დუროვი პარიზში ჩაფრინდა, როცა იცოდა, რომ ეძებდნენ.

ტელეარხ TF1-ს წყაროებმა აცნობეს, რომ საფრანგეთის სამართალდამცველების ეჭვით დუროვი - როგორც მესინჯერის შემქმნელი - ხელს უწყობდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს და თაღლითობას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის მხარემ გაგზავნა ნოტა პაველ დუროვთან დაშვების მოთხოვნით, თუმცა პარიზი დუროვის საფრანგეთის მოქალაქეობას მიიჩნევს ძირითად ფაქტორად.

რუსული წარმომავლობის დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო. ბოლო წლებში ის ძირითადად ცხოვრობდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც Telegram-ის ოფისია განთავსებული. რუსეთი დუროვმა დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა.

დუროვის დაკავების შესახებ ინფორმაციამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის სხვადასხვა რეაქცია და უთანხმოება გამოიწვია. გამოცემა Agentstvo აღნიშნავს, რომ რუსეთის პროპაგანდამ მილიარდერის დაპატიმრება ფაქტობრივად თავისი მიზნებისთვის გამოიყენა. დუროვის დაპატიმრებას კრიტიკულად გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი - ისინი საფრანგეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ადანაშაულებენ ცენზურაში, "ორმაგ სტანდარტებში", ასევე რუსოფობიაში.

რუსეთში - განსაკუთრებით ბევრი უცხოური სოციალური ქსელის დაბლოკვის პირობებში - Telegram-მა შეიძინა დიდი პოპულარობა, მისით აქტიურად სარგებლობენ როგორც სახელმწიფო და კრემლის მომხრე ძალები, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და ბლოგერები.

თავად დუროვი თავს ლიბერტარიანელად მიიჩნევს. ის აცხადებდა, რომ Telegram-ი უნდა დარჩენილიყო თავისუფალ სივრცედ, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ყველა სახელმწიფოსგან. დუროვი, რომელიც "ფორბსის" შეფასებით, 15,5 მილიარდ დოლარს ფლობს, უარყოფდა ეჭვებს რუსეთის ან რომელიმე სხვა სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ. ამავდროულად, Telegram-ი აცხადებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე მისი მესინჯერი მზად იქნება, წაშალოს კანონსაწინააღმდეგო შინაარსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG