Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეები ჭორვილაში არ შეუშვეს - შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ


24 აგვისტო, 2024 წელი. სოფელ ჭორვილის შესასვლელი.
24 აგვისტო, 2024 წელი. სოფელ ჭორვილის შესასვლელი.

„ვითხოვთ სამართლიანობას“, „ნუ გვინგრევთ სახლებს“, „ვითხოვთ ცენტრალური მთავრობის ჩართულობას“, „ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება“, „არა ჩერნობილიზაციას“, „ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად“, – ამ შინაარსის პლაკატებითა და დანგრეული სახლების ფოტოებით შუქრუთის მოსახლეობა სოფელ ჭორვილაში არ შეუშვეს.

აქციის მონაწილეებს სოფლის შესასვლელთან პოლიციის კორდონი და კაცები დახვდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ ადგილობრივები არიან და ჭორვილაში აქციის გამართვის საშუალებას ვერ მისცემდნენ.

„არ გვინდა, რომ დაირღვეს ის სიმყუდროვე, რაც სოფელშია, იმ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] იმხელა სიკეთე აკეთა, მის სალანძღავად აქ მოსვლას არ დავუშვებთ“, – უთხრა ჟურნალისტებს კაცმა, რომელიც პოლიციის კორდონის წინ იდგა და აქციის მონაწილეების სოფელში გადაადგილებას ეწინააღმდეგებოდა.

„მშვიდობიანი მსვლელობით მოვედით სოფელ ჭორვილაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გვინდოდა მისვლა, რათა ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ მთავრობას, ჩაერთოს პროცესში და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეასრულოს მედიატორის როლი, სამართლიანად გადავჭრათ ჩვენს სოფელსა და ჭიათურაში არსებული პრობლემები, რომელიც კომპანიის უკანონო საქმიანობით არის გამოწვეული, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, აქ დაგვახვედრეს დაგეშილი ხალხი და არ შეგვიშვეს სოფელში“, – თქვა აქციის მონაწილემ, ვერა კუპატაძემ.

შუქრუთელებმა პროტესტის გაგრძელება ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასამართლომ მათ კოროხნალის მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა, თუმცა დღეს მათ ჭორვილაში აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

24 აგვისტო, 2024 წელი. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა მსვლელობა კოროხნალის მაღაროდან დაიწყეს.
24 აგვისტო, 2024 წელი. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა მსვლელობა კოროხნალის მაღაროდან დაიწყეს.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 165-ე დღეა კოროხნალის მაღაროსთან კარავში ათენებს და აღამებს. მათ პიკეტირებული აქვთ მაღაროს შესასვლელი და 14 მარტის შემდეგ, წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას არ აძლევენ კომპანიას.

შუქრუთის ოც მკვიდრს, რომლებსაც მარტიდან კოროხნალის და შუქრუთის მაღაროს შესასვლელები აქვთ პიკეტირებული, საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ივანე ყიფიანმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა განჩინებით აუკრძალა. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პროტესტს იმავე ფორმით აგრძელებენ.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკლუზიურმა კონტრაქტორმა კომპანია „მაღაროელმა“ იმ დაზარალებულების წინააღმდეგ, რომლებსაც 2017 წლიდან მადნის მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ და ეზოებსა და ბაღ-ვენახებში მიწა ჩაექცათ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. „მაღაროელი“ აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5 მილიონ-ნახევარზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან, სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35-მდე ოჯახი ხუთი თვეა აქციებს უწყვეტად მართავს და მოითხოვს იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს, ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს.

აქციის სამ მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძეს, პროკურატურის მოთხოვნით, საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ივანე ყიფიანმა 5 აგვისტოს 1000-1000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. საგამოძიებო ორგანო აქციის მონაწილეებს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG