Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუქრუთელებს სასამართლომ მაღაროს შესასვლელის პიკეტირება აუკრძალა


საპროტესტო აქციის მონაწილეები სოფელ შუქრუთში
საპროტესტო აქციის მონაწილეები სოფელ შუქრუთში

ჭიათურის სოფელ შუქრუთის ოც მკვიდრს, რომლებსაც მარტიდან კოროხნალის და შუქრუთის მაღაროს შესასვლელები აქვთ პიკეტირებული, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა აუკრძალა. მოსამართლე ივანე ყიფიანის განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის ექსკლუზიურმა კონტრაქტორმა შპს „მაღაროელმა“ იმ დაზარალებულების წინააღმდეგ, რომლებსაც 2017 წლიდან მადნის მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ და ეზოებსა და ბაღ-ვენახებში მიწა ჩაექცათ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

კომპანია, აქციაში მონაწილე შუქრუთელებს, ფინანსური ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და 5 მილიონ-ნახევრაზე მეტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს 12 აგვისტოს ჩაბარდათ სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, შპს „მაღაროელმა“, საჩხერის რაიონულ სასამართლოს 8 აგვისტოს მიმართა.

„2024 წლის 14 მარტიდან, მოპასუხე ფიზიკურ პირებს პიკეტირებული/ბლოკირებული აქვთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და მიწისქვეშა უბნების შესასვლელები. მოპასუხეებმა თვითნებურად გათიშეს განიავების სისტემა, რითაც სუფთა ჰაერით მომარაგება შეუწყვიტეს მიწისქვეშა ობიექტებს, რის გამოც კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებს, ასევე იქ არსებულ უბნებს შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება. მაღაროების შესასვლელის ბლოკირება გამოიხატება მოპასუხედ დასახელებული პირების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაში. კერძოდ, ისინი დგანან უბნების შესასვლელთან და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ კომპანიის თანამშრომლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ უბნებზე შესვლა და მადნის მოპოვებითი სამუშაოების წარმოება. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ჯგუფური და დანაშაულებრივი ქმედებით ხდება შპს „მაღაროელის“ მუშაობის შეფერხება, რითაც შპს „მაღაროელს“, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ და სახელმწიფო ბიუჯეტს ადგება განსაკუთრებით დიდი ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი“, - წერია სარჩელში.

კომპანიამ სასამართლოში სარჩელთან ერთად წარადგინა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაც, რომლის მიხედვით, „უზრუნველყოფის ღონისძიება მოემსახურება როგორც მიყენებული ზიანის მინიმიზებას, ასევე, მოპასუხეებს თავიდან ააცილებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე, კომპანიას საშუალებას მისცემს, დავა დაასრულონ არსებითი განხილვის გარეშე, სასამართლოში მიღწეული მორიგების გზით“.

მოსამართლე ივანე ყიფიანმა დააკმაყოფილა კომპანიის მოთხოვნა. აუკრძალა აქციის მონაწილეებს შპს „მაღაროელისთვის” მანგანუმის მოპოვებაში ხელშეშლა.

„სასამართლო თვლის, რომ საწარმოს მიერ თავისი ფუნქციის ვერგანხორციელება უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო თვით საწარმოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ, საწარმოს როგორც ერთიან ორგანიზმზე, მისი სოციალური და მატერიალური პასუხისმგებლობის ხარისხზე. საფრთხე იმისა, რომ მოპასუხეთა მხრიდან გაგრძელდეს ხელშეშლა, ერთმნიშვნელოვნად არსებობს“.

როგორც პროტესტის მონაწილეთა უფლებადამცველი, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ იურისტი ვლადიმერ ქუთათელაძე ამბობს, გასაჩივრებისთვის 5-დღიან ვადას გამოიყენებენ „უკანონო განჩინების” სასამართლოში გასასაჩივრებლად.

საპროტესტო აქცია შუქრუთში
საპროტესტო აქცია შუქრუთში

„კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენს 5,5 მილიონი ლარის ზიანის დაკისრება 20 მოქალაქისთვის, უზრუნველყოფის ღონისძიებით კი მოითხოვეს საქმიანობაში ხელისშეშლის აკრძალვა. ლოგიკურია, რომ აქციის მონაწილეთა დგომა მაღაროს შესასვლელთან ვერ უზრუნველყოფდა ამ თანხის ამოღებას თუ სასამართლო მომავალში მიიღებდა გადაწყვეტილებას და დააკისრებდა აქციის მონაწილეებს 5,5 მილიონი ლარის გადახდას. აქედან გამომდინარე მოთხოვნის საგანი და მიღებული განჩინება ერთმანეთს არ შეესაბამება. განჩინება უნდა უზრუნველყოფდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, ან აღსრულების გამარტივებას“, - ამბობს ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ვლადიმერ ქუთათელაძე კომპანიის სარჩელს და სასამართლოს განჩინებას პროტესტის შეწყვეტისთვის მიმართულ მოსახლეობის დაშინების მცდელობად მიიჩნევს, ადვოკატის განმარტებითვე, განჩინება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

სასამართლოს განჩინებას მოსახლეობის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას უწოდებს აქციების ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ლაბაძე, რომელიც ამბობს, რომ თავის უფლებებს დაიცავენ კანონიერი გზით.

„ჩვენ არ ვართ დაზღვეული, ხვალ რომ კომპანიამ სამუშაოები გააგრძელოს, კატასტროფა არ მოხდება სოფელში, მაგალითი გვაქვს ითხვისი. ვიცით, რომ ორჯერ მეტი მანგანუმის მოპოვებას აპირებენ და უნდათ როგორც ღია კარიერული, ასევე მაღაროს ტიპის სამუშაოებით მოპოვება იმ ველებზე, სადაც ამ დრომდე არ უმუშავიათ. მუშა პროცესის აღდგენის შემდეგ, შეუქცევადი პროცესები განვითარდება და შუქრუთში ცხოვრება წარმოუდგენელი გახდება, შესაბამისად, გარანტიის, ხელშეკრულებისა და კონტრაქტის გარეშე ჩვენ მათ მუშაობის გაგრძელების საშუალებას ვერ მივცემთ, გამოუვალ მდგომარეობაში ვართ“, - ამბობს ჯანო ლაბაძე. იგი აქტიურად მონაწილეობდა 2021 წლის ხანგრძლივ აქციებში, რომელიც კომპანიასთან მოლაპარაკებით დასრულდა.

ჯანო ლაბაძის თქმით კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და 6 თვეში ერთხელ შეფასების ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ ჩაიყვანა შუქრუთში მოსახლეობის ზარალის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. თუმცა, ამ დრომდე არ იციან იმ შეფასების დასკვნაც, რომელსაც არც კომპანია და არც ექსპერტიზის ბიურო არ ასაჯაროებენ.

აქციის მონაწილეები სოფელში ექსპერტების ჩასვლას და როგორც ქონების, ასევე მიყენებული ზიანის შეფასებას ითხოვენ.

„ვითხოვთ მატერიალურ კომპენსაციას, ქონების სანაცვლოდ, არ ვითხოვთ კომპენსაციას იმ მორალური ზიანისთვის, რაც მამა-პაპისეული სოფლის, წინაპართა საფლავების დატოვებით გვადგება“.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა დრომდე შეგვიძლია ჩვენს საკუთრებაში დარჩენა, ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ და გაიტანეს მადანი, პროცესი არის განგრძობადი, არ ჩერდება ნიადაგის ეროზია, უარესი შედეგი შეიძლება დადგეს ერთი ან ორი წლის შემდეგ, ისევე როგორც ითხვისში, ერთ ღამეში ჩაიქცა მთელი ქედი და ათეულობით ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ერთია, რომ არის დამდგარი ზარალი, რომელზეც პასუხისმგებლობას არ იღებს კომპანია და არის მოსალოდნელი ზიანი, რომელზეც ასევე არ გვაქვს არანაირი გარანტია“, - ამბობს ჯანო ლაბაძე.

ის რადიო თავისუფლებასთან იმასაც ჰყვება, რომ მადნის მომპოვებელმა კომპანიამ რამდენიმე მოსახლეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსი მისცა, მიყენებული ზიანის შეფასების შემდეგ კი თანხა სრულად უნდა მიეღოთ, თუმცა არ მიუღიათ.

ჭიათურის საბადოების მართვა 2023 წელს გადაიბარა ახლად დაფუძნებულმა კომპანიამ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“. მისი ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შუქრუთში მცხოვრებ 280 ოჯახთან ჯერ კიდევ 2020 წელს გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვით, ზარალი უნდა აენაზღაურებინათ გეგმაზომიერად, წელიწადში 700 ათასიდან მილიონ ლარამდე. მისივე ცნობით, სამ წელიწადში ჯამში 12 მილიონი ლარია გადახდილი.

კომპანიის წარმომადგენელმა მირიან ბიჭიკაშვილმა 26 ივლისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზად არიან გააგრძელოს მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, თუმცა ეს დაკავშირებულია მადნის მოპოვების აღდგენასთან. ხოლო თუ სამუშაოები არ გაგრძელდება, მისი განცხადებით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამძიმდება და შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს არა მხოლოდ კომპენსაციების გაცემა, არამედ დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდაც. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ კომპენსაციების გაცემის განახლების მზადყოფნას გამოთქვამენ, თუ აქციის მონაწილეები სამუშაო პროცესს აღარ შეაფერხებენ.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ნეფარიძე შუქრუთის მოსახლეობასა და კომპანიას შორის მოლაპარაკების პროცესში სახელმწიფოს ჩართვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ კომპანიაში სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველთან, ბესიკ კირთაძესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ, რის გამოც 24 აგვისტოს, კვირას, მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობენ შუქრუთიდან საჩხერის სოფელ ჭორვილაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

„იქნებ გავაგონოთ ჩვენი ხმა და მოგვაქციონ ყურადღება, 2019 წლიდან დღემდე, უშედეგოდ ვცდილობთ პროცესებში ჩართული იყოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რასაც ვერანაირი ფორმით, ვერ მივაღწიეთ. 2021 წელს მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და შუქრუთის შემდეგ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან გავაგრძელეთ შიმშილობა, პირი მქონდა ამოკერილი თვეზე მეტ ხანს, ამ პროტესტის შედეგად ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“, ერთ-ერთი ხელმომწერი იყო კომპანიის ყოფილი სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ამ შეთანხმების ერთი პუნქტიც კი არ შეუსრულებია კომპანიას. ახლა კი საჩხერის სასამართლო გვიკრძალავს დაზარალებულ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებულ, გამოხატვის უფლებას და ჩვენი კერძო საკუთრების ხელყოფის მიუხედავად, ასე ცდილობენ ჩვენს დაშინებას“, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.

კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან სოფელ შუქრუთში მცხოვრები 35-მდე ოჯახის წევრები 14 მარტიდან აქციებს უწყვეტად მართავენ.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” აერთიანებს ჭიათურის სამთო მომპოვებელ და გამამდიდრებელ კომბინატს, ასევე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხეჰესს, რომლის გამომუშავებული ელექტროენერგიითაც კომპანია ოპერირებს. 2017 წლიდან მოყოლებული კომპანია სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მართვის რეჟიმში იმყოფება. სასამართლომ კომპანიაში სპეციალური მმართველი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად დანიშნა. შესაბამისად, ეს რეჟიმი გაგრძელდება იქამდე, სანამ კომპანია დარღვევებს არ აღმოფხვრის. მათ შორის უმთავრესი მოთხოვნები მდინარე ყვირილას დაბინძურებას, ასევე ამოღებული მადნის არეალებში ბუნებრივი გარემოს აღდგენა-რეკულტივაციას შეეხება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG