Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჩავიდა პუტინი ბაქოში


პუტინი ბაქოში - აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახლში გადაღებული ფოტოები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 18 აგვისტოს.
პუტინი ბაქოში - აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახლში გადაღებული ფოტოები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 18 აგვისტოს.

რუსეთის დროშები ქუჩებში, საზეიმო დახვედრა და ვახშამი ალიევების ოჯახში - ექვსწლიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანში ორი დღით ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც უკრაინასთან ომის გამო ძალიან ცოტა ქვეყანაში ჩაესვლება. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური [უმაღლესი რანგის] ვიზიტია აზერბაიჯანში.

„ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად საკუთარ სახლში ივახშმეს“ - აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახში გადაღებული ფოტოები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 18 აგვისტოს. კრემლი კი წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა არაფორმალური შეხვედრა გამართა - აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, მეჰრიბან ალიევასთან.

უკვე 19 აგვისტოს ოფიციალური შეხვედრები გაიმართა.

პუტინმა თქვა, რომ ბაქოში პრეზიდენტ ალიევის მიწვევით ჩავიდა და მის დელეგაციაში იყო „რუსეთის ფედერაციის მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა“.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში განხილული მთავარი საკითხი, ექსპერტების შეფასებით, რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

ვიზიტის მიზნები

პუტინი ისევ ლაპარაკობს შუამავლის როლზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. „რუსეთი კვლავაც ყოველმხრივ შეუწყობს ხელს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებს და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას - 2020-2022 წლებში გაფორმებული ცნობილი სამმხრივი შეთანხმებების საფუძველზე“, - განაცხადა პუტინმა 19 აგვისტოს ბაქოში გამართულ ბრიფინგზე.

ექსპერტები თვლიან, რომ ვიზიტის ყველაზე მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მიერ დაკარგული პოზიციების დაბრუნების მცდელობაა.

„პუტინი ხედავს, რომ რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაშია სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამართულ ბოლო მოლაპარაკებებში მოდერატორები იყვნენ გერმანია და აშშ. ამიტომ რუსეთს თავისი შუამავლის როლის დაბრუნება სურს, მაგრამ სომხეთი არ არის თანახმა. აზერბაიჯანის ინტერესებშია, რომ სომხეთი ამას არ დათანხმდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს ადგილობრივი ექსპერტი - გამოკვლევათა ცენტრ „ატლასის“ ხელმძღვანელი ელხან შახინოღლუ.

შახინოღლუ განმარტავს, რომ მოსკოვს კონკრეტულად „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისა და გაკონტროლების ინტერესი აქვს, რაც არ შედის აზერბაიჯანის გეგმებში.

მთიანი ყარაბაღის მეორე, 44-დღიანი ომის შემდეგ ხელმოწერილი, 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მე-9 პუნქტის მიხედვით, ზანგეზურის დერეფნის უსაფრთხოება რუსეთმა უნდა უზრუნველყოს.

ილჰამ ალიევს პუტინის შეთავაზებაზე პირდაპირ არ უპასუხია. შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ შარშანდელი სექტემბრიდან „რეგიონში სულ სხვა ვითარებაა“ - აზერბაიჯანმა უკვე აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაგრამ „ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის“.

„დიდწილად რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა და უსაფრთხოება“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე; დასძინა, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხი დაწვრილებით იქნა განხილული; ხოლო რუსეთსა და აზერბაიჯანს „მეგობრები, მეზობლები და მოკავშირეები“ უწოდა.

პუტინი ბაქოში 18 აგვისტოს ჩავიდა
პუტინი ბაქოში 18 აგვისტოს ჩავიდა

პოლიტიკური მმართველობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი აზერ გასიმლი რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობით არის დაინტერესებული.

„რუსეთი ცდილობდა, რომ სომხეთის ხელისუფლებაში ფაშინიანის ნაცვლად, რუსეთის მხარდამჭერი ხელისუფლება მოეყვანა. ეს არ მოხდა, ფაშინიანის ხელისუფლება უფრო გაძლიერდა და უფრო პროდასავლური კურსი აირჩია“, - ამბობს გასიმლი.

პუტინის ბაქოში ჩასვლამ ყველას გაახსენდა, რომ მის მიმართ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. თუმცა აზერბაიჯანი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ევალებათ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილი, ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ "ევროპის ქვეყნებიდან პუტინს მხოლოდ მინსკსა და ბაქოში ჩაესვლება", ხოლო ბაქოში ჩასვლით „პუტინი შეეცადა ყველასთვის დაენახებინა, რომ - აი, მე აქ ვარ, აზერბაიჯანთან მაქვს ურთიერთობები და, შესაბამისად, მე გავლენას ვახდენ სამხრეთ კავკასიაში,აქედან არ წავსულვარო“.

და რა ინტერესი ჰქონდა თავად ბაქოს - პუტინის მასპინძლობის დემონსტრირებით?

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკური ინტერესების გარდა, რაც მათ შორის სავაჭრო დერეფანს ["ჩრდილოეთი-სამხრეთი"] უკავშირდება, აზერბაიჯანის მიზანი ყარაბაღის ომის შედეგების საბოლოოდ გამაგრებაა:

„ბაქოს მიზანია რუსეთის ნეგატიური გავლენის მაქსიმალურად განეიტრალება ამ დარეგულირების პროცესში და ის, რომ მიიყვანოს ბოლომდე სამშვიდობო მოლაპარაკებები სომხეთთან ხელის მოწერამდე ისე, რომ მის ზურგს უკან იყოს ძალიან ძლიერი პარტნიორი თურქეთის სახით, ხოლო რუსეთის სახით ძლიერი პარტნიორი საბოლოოდ გამოაცალოს ერევანს, რაც საკმაოდ წარმატებულად გამოსდის კიდევაც“.

2022 წლის 22 თებერვალს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოსკოვში ხელი მოაწერეს დეკლარაციას ორი ქვეყნის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ. ეს დოკუმენტი მოიცავს მრავალმხრივ ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებებით.

რუსეთი აზერბაიჯანს მხარდაჭერას ჰპირდება

19 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ აზერბაიჯანის ელჩთან რუსეთის ფედერაციაში, ფოლად ბულბულოღლუსთან, რომელშიც ის ადასტურებს ბაქოს დაინტერესებას, შეუერთდეს „ბრიკსს“ (BRICS) - გაერთიანებას, რომელიც რუსეთის ინიციატივით შეიქმნა და რომელშიც ცენტრალური მოთამაშეები ჩინეთი და რუსეთი არიან:

„ბრიკსში გაწევრიანების მსურველთა გრძელი რიგი დადგა. აზერბაიჯანმაც ნამდვილად გამოხატა მსგავსი სურვილი. ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ რუს კოლეგებს, მაგრამ ესეც პროცესია და სამუშაო საკითხია“.

ელჩი ბულბულოღლუ ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობები „ძალიან მაღალ დონეზეა“ და „რაიმე ღრმა წინააღმდეგობა არ არის“.

BRICS-ში ჩინეთისა და რუსეთის გარდა შედიან ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია. „ბრიკსს“ მოსკოვი მუდმივად მოიხსენიებს დასავლური სამყაროს ალტერნატივად. 2024 წელს BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.

პუტინის ბაქოში ვიზიტის მიწურულს, 19 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ რუსეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანის „ინტერესს ბრიკსთან თანამშრომლობის განმტკიცების მიმართ“ და ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში აზერბაიჯანის სტატუსის ამაღლებას.

დასავლელ პარტნიორებთან თბილისის მწვავე დაპირისპირების ფონზე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუკი „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ხელისუფლება საბოლოოდ იტყვის უარს დასავლურ ვექტორზე და შესაძლოა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადიც შეიტანოს.

საერთაშორისო პარტნიორებისთვის არადამაჯერებელი და გაუგებარია „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ გეგმავს და ევროპისკენ „ღირსებით“ ივლის.

და „3+3“

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების ტექსტში მოხსენიებულია „3+3“ ფორმატი, რომელმაც საქართველოში არაერთხელ გამოიწვია მწვავე დისკუსია.

„სახელმწიფოთა მეთაურებმა აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის [დსთ] ფარგლებში, გამოვიდნენ კონსულტაციო რეგიონული პლატფორმის, „3+3“-ის, როგორც ურთიერთქმედების ეფექტიანი მექანიზმის, პოტენციალის განვითარების მოწოდებით, - ნათქვამია აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების ერთ-ერთ პუნქტში.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა გამოაცხადა 2020 წლის დეკემბერში. ამ ინიციატივას აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთი.

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ „3+3“-ის პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებს. თუმცა, დასავლეთთან საქართველოს ხელისუფლების დაძაბული ურთიერთობების ფონზე ანტიდასავლური და პრორუსული ძალები საქართველოში ხშირად ლაპარაკობენ „3+3“-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ეს პლატფორმა სიცოცხლისუნარიანი არ არის.

კიდევ რაზე ილაპარაკეს პუტინმა და ალიევმა?

პუტინის ვიზიტის დროს ბაქოში განხილულ საკითხებს შორისაა სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები, მათ შორის - „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, კასპიის ზღვასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები, მზადება ეკონომიკური კონფერენციისთვის თუ თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში. პუტინი კმაყოფილია, რომ აზერბაიჯანში 300-ზე მეტი რუსული სკოლა ფუნქციონირებს, რაც 160 ათას მოსწავლეს მოიცავს, ხოლო 800 ათასზე მეტი მოსწავლისთვის სკოლებში რუსული მეორე ენაა. დაგეგმილია რუსულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტის გახსნა.

ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ამჟამად „პუტინს უფრო სჭირდება ალიევი, ვიდრე ალიევს პუტინი “, რადგან „რუსეთი აზერბაიჯანისთვის მხოლოდ მესამე სავაჭრო პარტნიორია - იტალიისა და თურქეთის შემდეგ და რუსეთთან ვაჭრობას აზერბაიჯანი თავისუფლად ჩაანაცვლებს სხვა ბაზრებითაც“, მაგრამ დასავლეთიდან იზოლაციაში მოქცეული რუსეთი დამოკიდებულია აზერბაიჯანზე - რადგან „ნებისმიერი ფანჯარა დიდ სამყაროში რუსეთისთვის უკვე დიდი ამბავია“; ხოლო მათ შორის - სატრანსპორტო დერეფანი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ - აზერბაიჯანის გარეშე უბრალოდ ვერ განხორციელდება“.

აზერბაიჯანელი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პუტინს ჩაფიქრებული ჰქონდეს რუსული ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის სახელით გაყიდვა ევროპაში.

ევროპის ქვეყნები ცდილობენ, უკრაინაში ომის გამო სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე. თუმცა გაზი მაინც შედის ევროპაში და რუსეთისთვის დამატებით პრობლემებს ქმნის რეალობა, როცა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების შეჭრის ფონზე, როგორც ჩანს, უკრაინა კონტროლს ამყარებს გაზის საზომ სადგურზე რუსეთის ქალაქ სუჯასთან, კურსკის ოლქში.

თუმცა აზერბაიჯანელ ექსპერტს, აზელ გასიმლის ეჭვი ეპარება, რომ შესაძლებელია დამალვა, თუკი აზერბაიჯანი რუსულ გაზს თავისი სახელით გაყიდის, რადგან „ყველამ იცის, რომ აზერბაიჯანს ახლა შეუძლია მაქსიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გაყიდვა“.

კრემლის ინფორმაციით, 19 აგვისტოს პუტინმა გვირგვინები მიიტანა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ხსოვნის მემორიალთან, „მარადიულ ცეცხლთან“ და აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, „საერთო ეროვნული ლიდერის“, ჰეიდარ ალიევის საფლავთან და „პატივი მიაგო“ მას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG