12 აგვისტოს რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის, Mask X-ის პლატფორმაზე ორსაათიანი ინტერვიუ მისცა მილიარდერ ბიზნესმენ ილონ მასკს. ინტერვიუს დასასრულს ბიზნესმენმა თქვა, მზად ვარ დემოკრატთა კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც ვესაუბროო.
ტრამპთან ინტერვიუ დათქმულზე 40 წუთით გვიან დაიწყო. მასკის თქმით, ეს ინტერვიუმდე "სოციალურ ქსელ X-ზე მასიური DDos თავდასხმის" გამო მოხდა.
საუბრისას მასკმა და ტრამპმა არაერთხელ გაცვალეს საქებარი სიტყვები. კომპანია Tesla-ს დამაარსებელმა ყოფილი პრეზიდენტი შეაქო გასულ თვეში მისი მკვლელობის მცდელობის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის, ხოლო ტრამპმა მასკს მოუწონა იმ მუშების გათავისუფლების სურვილი, რომლებიც უკეთეს პირობებს ითხოვენ.
ინტერვიუს დროს მასკი პრეზიდენტობის კანდიდატს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ესაუბრა.
ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იმედოვნებს, რომ კვლავ "დაალაგებს ურთიერთობას" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
"ჩვენ მშვენიერი ურთიერთობები გვქონდა. იგი მე პატივს მცემდა“, - თქვა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მონაყოლის თანახმად, პუტინი მას ბევრს ელაპარაკებოდა უკრაინაზე, ხოლო მან პუტინს ურჩია, რომ „არ გაეკეთებინა ეს [არ დაეწყო უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი - რ.თ.]“.
"მე შემეძლო მისი შეჩერება. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. შემეძლო დავლაპარაკებოდი პუტინს და ის ამას არასდროს გააკეთებდა“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
მანამდე WSJ-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორები არიან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ პომპეო, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის პოსტიც ეკავა, და BGR Group-ის მმართველი დირექტორი და Torridon Law-ის მრჩეველი დევიდ ჯეი.
ისინი წერენ, რომ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მთავარი თემებია „ლენდ-ლიზის“ პროგრამა უკრაინისთვის, რუსეთის მიმართ რეალური სანქციები და ნატოს აღორძინება.
5 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის მეტოქე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გამოკითხვებში დაწინაურდა და ენერგიული შეხვედრების სერიით გაზარდა დემოკრატი ამომრჩევლების მობილიზაცია.
შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დაეთანხმა ტელეარხ Fox News-ის შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატების გამართვაზე.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truthsocial-ზე დაწერა, რომ დებატები 4 სექტემბერს გაიმართება.
ფორუმი