Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენის შემოგარენში ხანძარი გრძელდება, არის მსხვერპლი


ხანძარი ათენის მახლობლად მდებარე სოფელ გრამატიკოში. 2024 წლის 12 აგვისტო
ხანძარი ათენის მახლობლად მდებარე სოფელ გრამატიკოში. 2024 წლის 12 აგვისტო

სულ მცირე, ერთი ადამიანის სიკვდილია დადასტურებული საბერძნეთის დედაქალაქ ათენის შემოგარენში, სადაც გასული კვირის ბოლოდან ხანძარი მძვინვარებს.

მაშველებმა ხანძრის შედეგად დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, ვრილისიაში.

ტყეში გაჩენილმა ხანძარმა გავრცელება დაიწყო ათენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთში, დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე რაიონიდან, მალევე მოედო ქალაქ ვარნავასს და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.

დამწვარი ტყე და ავტომობილი ქალაქ ვარნავასში
დამწვარი ტყე და ავტომობილი ქალაქ ვარნავასში

12 აგვისტოდან ცეცხლი გავრცელდა სამხრეთშიც და საბერძნეთის დედაქალაქის გარეუბნებამდე მიაღწია.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუწყო ძლიერმა ქარმა.

ტყის ხანძრების გამო მოსახლეობა ევაკუირებულია 30-მდე დასახლებული პუნქტიდან, მათ შორის ისტორიული მარათონიდან და საზღვაო ქალაქ ნეა-მაკრიდან.

ვერტმფრენი ხანძარს აქრობს ქალაქ ნეა-მაკრიში. 2024 წლის 13 აგვისტო
ვერტმფრენი ხანძარს აქრობს ქალაქ ნეა-მაკრიში. 2024 წლის 13 აგვისტო

ცეცხლის კერების ქრობაში ჩართულია ასეულობით მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ავიაცია. არასაკმარისი რესურსების გამო საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო დახმარება ითხოვა. დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს ესპანეთმა, იტალიამ, თურქეთმა, რუმინეთმა, საფრანგეთმა, ჩეხეთმა და კანადამ.

საბერძნეთის მეტეოსამსახურის ცნობით, 13 აგვისტოს ისევ მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ჰაერის ტემპერატურა კი +40 გრადუსი იქნება, რაც ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს ქმნის.

საბერძნეთში უკვე არაერთი კვირაა ძლიერი გვალვა და ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მხოლოდ კლიმატური პირობებია თუ არა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. გასულ წლებში საბერძნეთში ხანძრის განზრახ გაჩენის არაერთი ფაქტი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG