Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ


სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი
სენატორი შაჰინი და კონგრესმენი ტერნერი

პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების შემდეგ 10 აგვისტოს საღამოს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ყოფილი საჯარო მოხელეებიც.

„ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ჰქონდათ სენატორსაც და კონგრესმენსაც შესაძლებლობა შეხვედროდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა“, - განაცხადა რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ არც სენატორსა და არც კონგრესმენს მათგან რაიმე სიახლე არ გაუგიათ:

„მიღება იყო არაოფიციალურ გარემოში, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც ამ ქვეყანაში არის, მომავალ არჩევნებზე, რას ველოდებით. მათ შორის, რა ტიპის დახმარება იქნება აშშ-დან... ყველაფერი იციან და ყველაფრის საქმის კურსში არიან, არაფერი ისეთი არ გვითქვამს, რომ გაოცებულიყვენ“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“), თინა ბოკუჩავა („ნაციონალური მოძრაობა“), იაგო ხვიჩია („გირჩი“), ბადრი ჯაფარიძე („ლელო“), ალეკო ელისაშვილი („მოქალაქეები“), ანა დოლიძე („ხალხისთვის“), თეონა აქუბარდია (უპარტიო დეპუტატი), გიორგი გახარია („საქართველოსთვის“). ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრები ირაკლი ალასანია და თინა ხიდაშელი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ხვალ, 11 აგვისტოს ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ეს არის აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მათი ვიზიტი „აგენტების კანონის“ მიღებას.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება. ასევე საუბარია იმ პროექტების შეჩერებაზე, რომლებსაც აშშ საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ახორციელებდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG