Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ComCom-მა „ალტ-ინფო“ გააფრთხილა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის


ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ სტუდია
ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ სტუდია

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ წერილობით გააფრთხილა. განცხადებაში, რომელიც კომისიამ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ ივლისში მაუწყებელმა ეთერში განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნება.

„კერძოდ, „ალტ-ინფოს“ ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ მიერ მათი ორი პოლიტიკური პარტიის უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად. ისინი და სხვა კონსერვატიული ძალები ერთიანი სიით და ერთიანი ალიანსით შევლენ პოლიტიკურ ბრძოლაში და დადებენ შედეგს. ასევე, ის გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“, - წერია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი ემსახურება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას. კომისიამ ის შეაფასა პოლიტიკურ რეკლამად, რომლის განთავსებაც მაუწყებელს შეზღუდული აქვს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა.

„გამომდინარე იქიდან, რომ „ალტ-ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, ComCom-მა მაუწყებელი კანონის შესაბამისად წერილობით გააფრთხილა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ წარმოადგენს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური მოძრაობის მედიაპლატფორმას.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG