პროკურორ აკაკი მოქერიას მტკიცებით, საქმეში არსებობს ვიტალი გუგუჩიას ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები.
თავად ვიტალი გუგუჩია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი ბესიკ დვალიძე 31 მაისს მასთან სახლში პროვოკაციის მოსაწყობად მივიდნენ.
„მე არ ვაპირებ დავტოვო ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი სამშობლო… მით უმეტეს, არ ვაპირებ მტკიცებულებების განადგურებას, რომელიც ჩემს სასიკეთოდაა… ვითხოვ, აღმკვეთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული ჩემ მიმართ“, - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლე ეკატერინე ბებიას.
ვიტალი გუგუჩია ამბობს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია და მიზნად ისახავს საარჩევნოდ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას.
„ეს არის გამოცდილი რუსული მეთოდი, როცა ცდილობენ აქტიური ადამიანები შეაჩერონ როგორც 'სამართლებრივად', ისე ზონდერების დახმარებით“, - განაცხადა ვიტალი გუგუჩიამ.
მას პროკურატურამ ბრალი 5 აგვისტოს წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).
ვიტალი გუგუჩიას ცოლი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უკავშირებს 29 მაისს მათ კუთვნილ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს. სწორედ ამ დღეს გაიცნო საზოგადოებამ ცოლ-ქმარი, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან. ამ დღეს მათ თავიანთი სასურსათო მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.
28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება დაიწყეს, მათ ერთ-ერთმა აქტივისტმა ქუჩაში მონა დაუძახა. ამ დროს გაბრაზებული დეპუტატი ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გუგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. მომდევნო დღეს, უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა, პასუხად კი მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“.
რამდენიმე დღეში, 31 მაისს, სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის, PosTV-ის, ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გუგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.
ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ გუგუჩია ბერიძეს და მის ოპერატორს აგინებს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.
სიტყვიერი დაპირისპირებისას, PosTV-ის ოპერატორი ვიტალი გუგუჩიას მიმართავს: „მოდი აქ“, რის შემდეგაც ისმის გინება და ფიზიკური დაპირისპირება იწყება. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს - იგი ახტა და ფეხი ჩაარტყა ადამიანს.
„შეთითხნულია ეს საქმე. ჩვენს მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს ვუკავშირებთ, რადგან ეს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზიაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვიტალი გუგუჩიას მეუღლემ მირანდა ჯობავამ.
ფორუმი