Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დაიბარა ვიტალი გუგუჩია


ვიტალი გუგუჩია და ნათია ბერიძე. 31 მაისი
ვიტალი გუგუჩია და ნათია ბერიძე. 31 მაისი

PosTV-ის ​ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე ბრალის წასაყენებლად ზუგდიდის პროკურატურაში დაიბარეს ვიტალი გუგუჩია. გუგუჩია და მისი ცოლი მირანადა ჯობავა საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა მათ თავიანთი მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება დაიწყეს, მათ ერთ-ერთმა აქტივისტმა ქუჩაში მონა დაუძახა. ამ დროს გაბრაზებული დეპუტატი ჯაფარიძე ავტომობილიდან გადმოვიდა, გუგუჩიას და მისი ცოლის მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხალი აიღო და ამ მოქალაქეს ესროლა. მომდევნო დღეს, უმრავლესობის დეპუტატი მარკეტში ბოდიშის მოსახდელად და ზარალის ასანაზღაურებლად დაბრუნდა. პასუხად, მას მაღაზიის მფლობელებმა უთხრეს: „ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“.

რამდენიმე დღეში, 31 მაისს, სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის, PosTV-ის, ​ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გუგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.

ჩანაწერის მიხედვით, ნათია ბერიძე ვიტალი გუგუჩიას ეუბნება: „[...] ხელის ბიჭი ხარ“, - რაზეც გუგუჩია პასუხობს: „რუსების პრობლემა იცი რა არის, საკუთარ სიტყვაზე პასუხს არ აგებენ. ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“. ამის შემდეგ გუგუჩია ბერიძეს და მის ოპერატორს აგინებს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

სიტყვიერი დაპირისპირებისას, PosTV-ის ოპერატორი ვიტალი გუგუჩიას მიმართავს: „მოდი აქ“, რის შემდეგაც ისმის გინება და ფიზიკური დაპირისპირება იწყება. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი გუგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს - იგი ახტა და ფეხი ჩაარტყა ადამიანს.

ვიტალი გუგუჩიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მირანადა ჯობავა უკავშირებს 29 მაისს მათ კუთვნილ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს.

„შეთითხნულია ეს საქმე. ჩვენს მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს ვუკავშირებთ, რადგან ეს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზიაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მირანდა ჯობავამ.

ვიტალი გუგუჩიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ანდა ორ წლამდე შინაპატიმრობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG