„ევოლუშენი“ კომპანიაა, რომელიც კაზინოებს სთავაზობს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს.
„თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში“, - წერია კომპანიის განცხადებაში.
გაფიცული თანამშრომლების ნაწილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მათი აზრით, კომპანიის მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება დროებითია. ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიის მიზანია, შემცირდეს პროტესტის მუხტი და გაჩნდეს განხეთქილება გაფიცულებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მათ არ შეუერთდნენ.
„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეული.
გაფიცვას წინ უსწრებდა "ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება 2 ივლისს ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ - დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონისა თუ კანის ფერის გამო.
ფორუმი