Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დატოვებს "ევოლუშენი" საქართველოს? - გაფიცვა გრძელდება


„ევოლუშენის“ თანამშრომელთა ნაწილი 24-ე დღეა გაფიცულია, კომპანია საქართველოში სტუდიებს კეტავს.
„ევოლუშენის“ თანამშრომელთა ნაწილი 24-ე დღეა გაფიცულია, კომპანია საქართველოში სტუდიებს კეტავს.

თანამშრომელთა გაფიცვის 24-ე დღეს კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიამ“ საქართველოში მუშაობა დროებით შეაჩერა. გაფიცულებს მიაჩნიათ,  რომ ეს პირველი გამარჯვებაა, შემდეგი ნაბიჯი შრომითი პირობების გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება უნდა იყოს.  კომპანიამ კი საპასუხოდ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო გაფიცულების წინააღმდეგ.

„ან სათანადოდ ვერ შეაფასეს ჩვენი ძალები, ან საკუთარ ძალებზე ჰქონდათ გადამეტებული წარმოდგენა“, - ამბობს „ევოლუშენ საქართველოს“ გაფიცული თანამშრომელი, თამარ ანსიანი და პარალელურად, დაცვის თანამშრომელს ესაუბრება, რომ ეგებ "ევოლუშენის" გეგმებზე მეტი შეიტყოს.

დაცვის თანამშრომლები „ევოლუშენ საქართველოს“ კუთვნილი ყველაზე დიდი შენობის, A კორპუსის კარს კეტავენ. მანამდე გააუქმეს თითის ანაბეჭდების ამომცნობი სისტემა, შენობაში შეიტანეს ლითონის ჯებირებიც, რომლებიც თბილისში მექანიზაციის ქუჩაზე, კომპანიის გაფიცული თანამშრომლების კარვების გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, 24 დღის განმავლობაში იყო აღმართული.

„ევოლუშენის“ დაცვის თანამშრომლები შენობის შესასვლელს კეტავენ, 5 აგვისტო, 2024
„ევოლუშენის“ დაცვის თანამშრომლები შენობის შესასვლელს კეტავენ, 5 აგვისტო, 2024

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები 12 ივლისს დღის 12 საათიდან გაიფიცნენ, შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით.

მათ კომპანიას 44 მოთხოვნა წაუყენეს. გაფიცვამდე მხარეებს შორის მედიაცია შედგა. მოლაპარაკების პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი წარმართავდა, თუმცა მხარეთა შეთანხმება ვერ მოახერხეს.

„მორჩა, დაიხურა, არ მგონია ისევ გაიხსნას, 2-ათასლარიან სამსახურს ყოველთვის ვიშოვი”, - ეუბნება დაცვის თანამშრომელი თამარ ანსიანს. თამარს არ სჯერა, რომ კომპანია იხურება და ფიქრობს, რომ "ევოლუშენი" ამ გზით გაფიცულებსა და სხვა დასაქმებულებს აშინებს.

თამარ ანსიანი, "ევოლუშენის" გაფიცული თანამშრომელი, პროფესიულ კავშირ „ლაბორის“ წარმომადგენელი
თამარ ანსიანი, "ევოლუშენის" გაფიცული თანამშრომელი, პროფესიულ კავშირ „ლაბორის“ წარმომადგენელი

„კლასიკური მაგალითია, როგორ ცდილობს დამსაქმებელი დასაქმებულების დაშინებას, რომ პროტესტი დაასუსტოს და განხეთქილება შემოიტანოს გაფიცულებსა და იმათ შორის, ვინც გაფიცვას არ უერთდება. რამდენიმე დღით ადრე, თავის განცხადებებში წერდნენ, რომ გაფართოებას აპირებენ. ვიცით, რომ აქვს პროექტები აღებული, რომელიც არ შეუწყვეტიათ, ასევე 2028 წლამდე აქვს იჯარით აღებული საპარკინგე ტერიტორია”, - ამბობს თამარი.

„ევოლუშენ საქართველო“ კაზინოებს თამაშების ონლაინ წაყვანისა და უწყვეტი ტრანსლაციის სერვისს სთავაზობს.

სმარტფონების ეპოქაში, კაზინოები რეალური მაგიდებიდან ვირტუალურზე გადადიან. კლიენტებიც სულ უფრო ხშირად ფსონების დასადებად ონლაინპლატფორმებს იყენებენ - თამაშობენ როცა უნდათ, საიდანაც უნდათ, რითიც უნდათ. „სტატისტას“ დათვლით, 5 წელიწადში ონლაინკაზინოების კლიენტების რიცხვი 280 მილიონს გადააჭარბებს.

ჯამში, „ევოლუშენის“ ოთხ კორპუსში, სულ მცირე, 20 სტუდიაა მოწყობილი, ერთ ცვლაში აქ ერთდროულად 1000-მდე ადამიანი მუშაობს.

2022 წელს კომპანიის შემოსავალი 172 მილიონი ლარი იყო, აქედან 12 მილიონი - სუფთა მოგება.

შვედური „ევოლუშენ გეიმინგის“ მალტაში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანიამ საქართველოში წარმომადგენლობა 7 წლის წინ გახსნა და პირველსავე წელს 1000 ადამიანზე მეტი დაასაქმა. კომპანია 13 ქვეყანაში მუშაობს. ყველაზე დიდი ოფისი და მეტი - 8000-მდე თანამშრომელი კი სწორედ „ევოლუშენ საქართველოს“ ჰყავს. კიდევ ორი ამდენი თუ მუშაობს დანარჩენ მსოფლიოში.

5 აგვისტოსთვის „ევოლუშენ საქართველოს“ A და C კორპუსები დაკეტილია, ორივე მათგანში კომპანიას სტუდიები ჰქონდა გახსნილი. ჯამში, „ევოლუშენის“ ოთხ კორპუსში, სულ მცირე, 20 სტუდიაა მოწყობილი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სათამაშო მაგიდების დიდი ნაწილი სომხეთში გადაიტანეს. ახლა "ევოლუშენის" მთავარ - A კორპუსში მხოლოდ მენეჯერები და დიასახლისები არიან.

ოფისი, სადაც კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ ათასი თანამშრომელი ერთდროულად მუშაობდა, ცარიელია.

კომპანიაში ამბობენ, რომ საქმიანობის შეჩერების მიზეზი გაფიცვის ორგანიზატორისა და გაფიცვის მონაწილეთა „მართლსაწინააღმდეგო ქცევები“ გახდა.

„ევოლუშენ საქართველოში“ გულისხმობენ 3 აგვისტოს გამართულ აქციას, როცა გაფიცული თანამშრომლები პროტესტის ნიშნად კომპანიის ოფისის კიბეებზე დასხდნენ და შესასვლელები ამ ფორმით ჩაკეტეს. შენობაში მოხვედრის ერთადერთი გზა მათზე გადაბიჯება იყო, რაც დასაქმებულების ნაწილმა არ გააკეთა.

შედეგად, კომპანიამ პირდაპირი ეთერის სერვისის ონლაინკაზინოებისთვის შეუფერხებლად მიწოდება ვეღარ შეძლო, რასაც დამკვეთების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კონტრაქტორმა კაზინოებმა ქართული ბაზარი დატოვეს. "ევოლუშენმა" სტუდიების დახურვისა და მაგიდების სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. პროცესს ადგილობრივ მენეჯერებთან ერთად კურირებენ ქართული ოფისის მფლობელი კომპანიის ლატვიიდან ჩამოსული თანამშრომლები.

„კომპანიის საქმიანობის შეჩერება არ არის კომპანიის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების შედეგი, არამედ გამოწვეულია პროფკავშირი "ლაბორის" და გაფიცვაში მონაწილე პირების მიერ კომპანიის შენობების, უკლებლივ ყველა სამუშაო სივრცის შესასვლელების ბლოკირებით...

თუ მოცემული მდგომარეობა არ შეიცვლება, კომპანია იძულებული იქნება, განახორციელოს საოპერაციო ცვლილებები, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტები, რათა შევზღუდოთ ჩვენი წარმომადგენლობა საქართველოში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას "ევოლუშენ საქართველოს" მარკეტინგისა და ბრენდინგის დეპარტამენტში.

გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას არ განიხილავენ. თამარ ანსიანი კომპანიისგან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ შეთავაზებას ელის.

გაფიცვის 24-ე დღე ევოლუშენში
გაფიცვის 24-ე დღე ევოლუშენში

გაფიცულები მექანიზაციის ქუჩაზე "ევოლუშენის" მთავარ ოფისთან მორიგეობენ
გაფიცულები მექანიზაციის ქუჩაზე "ევოლუშენის" მთავარ ოფისთან მორიგეობენ

„მხარეებს შორის ოფიციალური დიალოგი ამ დრომდე არ ყოფილა, ამიტომ მათგან ქმედით ნაბიჯებს ველი, გარანტიების მიღების შემდგომ მუშაობა განახლდება, ერთადერთი, ვისაც შეუძლია "ევოლუშენის" ხელმეორედ აღმოცენება, არიან გაფიცულები, მხოლოდ მათი დაბრუნების შემდეგ შეიძლება დაიწყოს კომპანიამ საქართველოში კაპიტალის წერა”, - ამბობს თამარი.

„ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელი თემო კერესელიძე, რომელიც გაფიცვის მონაწილე არაა, ფიქრობს, რომ გაფიცულებმა პიკეტირებით პროტესტის გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაინახეს, რომ მათ პროტესტს თანამშრომლების უმრავლესობა არ უერთდებოდა.

„ევოლუშენის“ თანამშრომლების მიერ შექმნილ პროფკავშირში „ევო-უნიონში“ ამტკიცებენ, რომ გაფიცვას 5000-მდე დასაქმებული შეუერთდა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, "ევოლუშენში" კი ირწმუნებიან, რომ გაფიცულია მხოლოდ 10%, დაახლოებით 800 ადამიანი.

„როგორც ჩანს, კონკრეტული ადამიანები ამ დრომდე ვერ იაზრებენ, რომ ის, რაც ახლა კომპანიაში ხდება, რეალური საფრთხეა - ჩემი თიმმემბერი, რომელიც ძალიან ემოციურადაა მიმდინარე პროცესების გამო, მეკითხება: აბა, რომ ამბობენ, რომ "ევოლუშენ ჯორჯიამ" პარკინგი 2028 წლამდე აიღო იჯარით?

სერიოზულად, მეგობრებო? ეს არის მთავარი არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც შემოსავლის მთავარი წყაროა აქაურობა და ახლა ამ წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას?!

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიაში ტარდება ისეთი ზომები, რაც კოვიდის დროებითი დახურვის დროსაც კი არ გატარებულა“, - წერს თემო კერესელიძე ფეისბუკში.

წყარო „ევოლუშენიდან“ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახლა კომპანიის მენეჯმენტი აგროვებს და ახარისხებს ინფორმაციას იმ ადამიანების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც კომპანიაში მუშაობის გაგრძელება სურთ.

ამ მონაცემების მიხედვით, გადაწყდება, კომპანიის რომელი შენობა დაიხურება სამუდამოდ და რომელი თავიდან გაიხსნება, სულ რამდენი მაგიდა განაახლებს მუშაობას და რამდენი თანამშრომელი დაკარგავს სამსახურს.

ვითარება "ევოლუშენის" ოფისთან 5 აგვისტოს საღამოს
ვითარება "ევოლუშენის" ოფისთან 5 აგვისტოს საღამოს

5 აგვისტოს საღამოს 5 საათისთვის "ევოლუშენის" E კორპუსთან ის თანამშრომლები იკრიბებიან, რომლებსაც კომპანიაში მუშაობის გაგრძელება სურთ და ამას წერილობით ადასტურებენ. მათთან ერთად არიან გაფიცულებიც და მოუწოდებენ პროტესტს შეუერთდნენ.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "ევოლუშენის" ადმინისტრაციამ, კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებსაც საქმიანობის გაგრძელება სურთ, დიდუბის მეტროსთან მდებარე E კორპუსში დაიბარა.

გაფიცულები ამბობენ, რომ მენეჯმენტმა, ამ თანამშრომლებს ხელმოსაწერად დაახვედრა მათ წინააღმდეგ საჩივრის ტექსტი.

ამ ტექსტზე ხელმომწერი დაადასტურებს, რომ დასაქმებული ვერ ახერხებს პროფესიული საქმიანობის შესრულებას ბლოკირებული შესასვლელების გამო, ამიტომ უფლებას აძლევს კომპანიას წარადგინოს განცხადება შესაბამის უწყებაში, მისი უფლების დაცვისთვის.

თანამშრომლების ნაწილი უარს ამბობს საჩივარზე ხელის მოწერაზე. გაფიცულები დარწმუნებულები არიან, რომ ერთი ხელმოწერის შემთხვევაშიც კი პოლიციას ექნება უფლება, ისინი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აყაროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG