Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ გათავისუფლებული პატიმრები პუტინმა შეიწყალა. როგორია კრემლის რეაქცია?


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

დასავლეთსა და რუსეთს შორის „პატიმართა დიდი გაცვლის“ ფარგლებში რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლებული პატიმრები რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა. ამის შესახებ კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: "რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დეკრეტებს, რომლებითაც აშშ-ის მოქალაქეები უილან პოლ ნიკოლასი, ევან გერშკოვიჩი და 11 სხვა პატიმარი შეიწყალეს. შესაბამისი განკარგულებების ხელმოწერის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაბრუნების მიზნით იქნა მიღებული."

1 აგვისტოს თურქეთის გავლით რუსეთმა აშშ-სა და დასავლეთს გადასცა ამერიკის მოქალაქეები, ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რუსი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა, რუსეთისა და გერმანიის მოქალაქე კევინ ლიკი, გერმანიის მოქალაქე პატრიკ შებელი, ასევე რუსი პოლიტპატიმრები ილია იაშინი, ლილია ჩანიშევა, ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი („ნავალნის შტაბის“ წევრები), „ღია რუსეთის“ ხელმძღვანელი ანდრეი პივოვაროვი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, მხატვარი ალექსანდრა სკოლიჩენკო, პეტერბურგელი იურისტი გერმან მოიჟესი და პოლიტოლოგი დემური ვორონინი, რომელიც რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეა.

გასაცვლელ პატიმართა სიაში მოხვდა ასევე გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელიც შარშან ოქტომბერში ბელარუსის ხელისუფლებამ დააპატიმრა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

თეთრი სახლის მრჩეველმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ პატიმართა გაცვლაში მონაწილეობა უნდა მიეღო ასევე რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც საპატიმროში გარდაიცვალა. პოლიტიკოსის თანამოაზრეებმა გამოთქვეს ვერსია, რომ ნავალნი კრემლის ბრძანებით მოკლეს, რათა დასავლეთისთვის არ გაეცვალათ.

კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 1 აგვისტოს „დიდი გაცვლის“ ფარგლებში რუსეთში დაბრუნდა რვა პატიმარი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სლოვენიაში, პოლონეთში, გერმანიაში, ნორვეგიასა და აშშ-ში.

ესენი არიან ჯაშუშობისათვის მსჯავრდადებული არტიომ და ანა დულცევები (სლოვენია); "ეფესბეს" ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გერმანიაში სამუდამო პატიმრობაში იმყოფებოდა ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის; მიხაილ მიკუშინი, ჯაშუშობისთვის სასჯელს იხდიდა ნორვეგიაში; ჟურნალისტი პაველ რუბცოვი, პოლონეთიდან.

ყველაზე მეტი, სამი პატიმარი, გათავისუფლდა აშშ-დან: ვადიმ კონოშჩენკოვი, ბრალი წაუყენეს "ეფესბეს" დავალებით ცნობების შეგროვებასა და ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების კონტრაბანდაში; ვლადისლავ კლიშინი და რომან სელეზნიოვი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ კიბერთაღლითობისთვის.

რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა თავის ტელეგრამის არხში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლებულ რუსეთის მოქალაქეებს „მოღალატეები“ უწოდა და გვარების შეცვლა ურჩია.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რუსეთის მოქალაქეები ჯურღმულებში დალპნენ და ციხეებში ჩაძაღლდნენ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. მაგრამ უფრო სასარგებლოა თავისიანების გამოყვანა, რომლებიც ქვეყნის, მამულის და ყველა ჩვენგანისათვის მუშაობდნენ“, - წერს მედვედევი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა „დიპლომატიური გმირობა“ უწოდა პატიმართა გაცვლის შესახებ გარიგებას. მან მადლობა გადაუხადა გერმანიას, პოლონეთს, სლოვენიას, ნორვეგიასა და თურქეთს გაცვლის ორგანიზებაში დახმარებისთვის: "ეს არის ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში მეგობრების ყოლა, რომლებსაც შეიძლება ვენდოთ და რომლებსაც შეიძლება დავეყრდნოთ. ჩვენი ალიანსები ამერიკელებისთვის მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის", - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა რუსეთის საპატიმროებიდან 16 პატიმრის, მათ შორის აშშ-ის სამი მოქალაქისა და ასევე ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლება, რომლებიც აშშ-ში ბრუნდებიან.

"საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას რუსეთიდან 16 ადამიანის, მათ შორის ხუთი გერმანელი და რუსეთის შვიდი მოქალაქის შესახებ, რომლებიც საკუთარ სამშობლოში პოლიტპატიმრები იყვნენ. ზოგიერთი ეს მამაკაცი და ქალი მრავალი წლის განმავლობაში უსამართლოდ იმყოფებოდა საპყრობილეებში. ყველა მათგანმა გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი აგონია დასრულდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

თეთრ სახლში, ტრიბუნაზე აშშ-ის ლიდერის გვერდით იმყოფებოდნენ პატიმრობიდან გათავისუფლებული აშშ-ის მოქალაქეების, მათ შორის ალსუ კურმაშევას მეუღლე პაველ ბუტორინი და ორი ქალიშვილი. ერთ-ერთს, მირიამ ბუტორინას, 2 აგვისტოს დაბადების დღეს აქვს. ჯო ბაიდენმა თავისთან იხმო მირიამი და ბრიფინგზე მყოფ ჟურნალისტებთან ერთად დაბადების დღის სიმღერაც უმღერა.

რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას, რომელსაც ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის - მოქალაქეობა აქვს, 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის, რადიო თავისუფლება, აშშ-ის მთავრობა და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

„ალსუ მიზანში ამოიღეს იმიტომ, რომ არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ შეეცადა რუსეთში მყოფი ოჯახის წევრისთვის მოევლო. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და, ცხადია, არ დაუმსახურებია უსამართლო მოპყრობა და თავის საყვარელ ოჯახთან და კოლეგებთან იძულებითი განშორება“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.


"ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის", - აღნიშნა განცხადებაში სტივენ კაპუსმა და პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა "გათავისუფლდეს რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი, რომლებიც ბელარუსისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ციხეებში სასტიკ პატიმრობაში იმყოფებიან".

  • რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვლადისლავ ესიპენკო თითქმის სამი წელია, ოკუპირებულ ყირიმში გისოსებს მიღმა იმყოფება რუსეთის ხელისუფლების მიერ შეთხზული ბრალდებით.
  • თავისუფლების ჟურნალისტ იჰარ ლოსიკს 2021 წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება. თავად ლოსიკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
  • იანვარში მის ცოლს, დარია ლოსიკს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
  • რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელ ანდრეი კუზნეჩიკს 2022 წელს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში ედება ბრალი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG