Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, არის მსხვერპლი


ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების დღეს, 29 ივლისს, დაიწყო.
ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების დღეს, 29 ივლისს, დაიწყო.

ვენესუელაში გრძელდება მრავალათასიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. საპროტესტო აქციების მონაწილეები გაყალბებულად მიიჩნევენ 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, რომლის თანახმად, გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებში მისმა კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა.

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების დღიდან, 29 ივლისიდან, დაიწყო და მალევე გადაიზარდა პოლიციელებსა და სამხედროებთან დაპირისპირებაში.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ხელმძღვანელმა ალფრედო რომერომ 30 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოკლულია, სულ მცირე, 11 დემონსტრანტი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ხელისუფლება ერთი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება.

ვენესუელის მმართველი სოციალისტური პარტიის კონტროლქვეშ მყოფმა საარჩევნო კომისიამ 29 ივლისს გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 51%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, მის მთავარ მეტოქეს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ედმუნდო გონსალესს კი ხმა მისცა 44%-მა.

გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ მის განკარგულებაშია საარჩევნო ოქმების 90%-ის ასლები და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესმა ნიკოლას მადუროზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო და 70%-ით გაიმარჯვა.

ნიკოლას მადურომ ედმუნდო გონსალესი და ოპოზიციური „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერი მარია კორინა მაჩადო, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, არეულობების პროვოცირებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მაჩადომ ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდა, პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გამოხატონ.

ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება მოითხოვა ვენესუელის პარლამენტის სპიკერმა, სოციალისტმა ხორხე როდრიგესმა.

კოსტა-რიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არნოლდო ანდრემ განაცხადა, რომ მზად არიან, მაჩადოს და გონსალესს თავშესაფარი მისცენ. მარია კორინა მაჩადომ, რომელიც ვენესუელაში ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, კოსტა-რიკას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სამშობლოში დარჩენას და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.

ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა მადურომ და სოციალისტურმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნეს. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG