Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთისთვის?


ნიკოლას მადურო ხელს ართმევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს (მარჯვნივ). კარაკასი, 20 თებერვალი, 2024.
ნიკოლას მადურო ხელს ართმევს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს (მარჯვნივ). კარაკასი, 20 თებერვალი, 2024.

თუ ავტორიტარული რუსეთის მოკავშირე ნიკოლას მადურო 28 ივლისს ვენესუელის დაძაბულ არჩევნებში პრეზიდენტობას დაკარგავს, ეს ძირს გამოუთხრის მოსკოვის ძალაუფლების პროექციას დასავლეთ ნახევარსფეროში. მაგრამ კრემლი, სავარაუდოდ, გააორმაგებს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებზე გავლენის მცდელობებს.

მართალია, ვენესუელამდე მოსკოვს ნახევარი მსოფლიო აშორებს, მაგრამ ლათინური ამერიკის ამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება კრემლისთვის ნამდვილ გამოცდად იქცეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ალბათ ყურადღებით მიადევნებს თვალს ვენესუელის 28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც კრემლის მოკავშირე ავტორიტარ ლიდერს, ნიკოლას მადუროს, უპირისპირდება დემოკრატიისა და კაპიტალიზმის მომხრე ოპოზიციური ჯგუფის ლიდერი.

კენჭისყრის წინ მადურო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში დიდი სხვაობით ჩამორჩებოდა ედმუნდო გონსალესს, 74 წლის ყოფილ დიპლომატს. ვენესუელელებს მობეზრდათ ლიდერი, რომლის 11-წლიანი მმართველობის დროს ქვეყანაში ღრმავდებოდა სიღატაკე და იზრდებოდა ეკონომიკური პრობლემები.

მადუროს წასვლა საფრთხეს შეუქმნიდა რუსეთის ძალაუფლების პროექციას ლათინურ ამერიკაში იმ დროს, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომის გამო ევროპაში მზარდი დაძაბულობის ფონზე პუტინი ცდილობს, დასავლეთ ნახევარსფეროში ავნოს შეერთებულ შტატებს. ამ ომში ამერიკის იარაღი გადამწყვეტ როლს თამაშობს კიევის თავდაცვისთვის და მას კიევი დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლად წარმოაჩენს.

უკრაინაში შეჭრისას ვენესუელამ რუსეთს დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადა. მადურომ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დასავლეთის ქვეყნები კი კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა.

ამ თვის დასაწყისში რუსეთმა ორი სამხედრო ხომალდი გაგზავნა ვენესუელაში. მოსკოვს ასევე თბილი ურთიერთობა აქვს ნიკარაგუასთან. შეერთებული შტატები ამბობს, რომ ასეთი ვიზიტები საფრთხეს არ წარმოადგენს და ისინი ფართოდ განიხილება როგორც ძალის დემონსტრირების მცდელობა და იმის ხაზგასმა, რომ რუსეთს მეგობრები ჰყავს რეგიონში.

„რუსეთი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები მისი გავლენის სფეროში იჭრება აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაფართოებით, ამავე დროს ის ხედავს შესაძლებლობას, ზუსტად იგივე გააკეთოს პარტნიორობის გაძლიერებით ლათინურ ამერიკაში თავის ისტორიულ და ავტორიტარულ მოკავშირეებთან, კერძოდ ნიკარაგუასთან, კუბასთან და ვენესუელასთან,“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსმა ჰენრი ზიმერმა.

ნავთობის მწარმოებელი ვენესუელა ამ ალიანსებიდან ყველაზე ღირებული იყო რუსეთისთვის თავისი რესურსებისა და ზომის გამო, თქვა მან.

აშშ-ის კავშირები

გონსალესი არის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციისა, რომლის მამოძრავებელი და გავლენიანი ძალაა მარია კორინა მაჩადო, რომელსაც მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა მას შემდეგ, რაც მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციის პრაიმერიში.

56 წლის მაჩადო სკოლა-ინტერნატში სწავლობდა აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში და იელის უნივერსიტეტის მსოფლიო სტიპენდიატთა პროგრამაში მონაწილეობდა 2009 წელს, რუსეთის ოპოზიციის გარდაცვლილ ლიდერამდე, ალექსეი ნავალნიმდე, ერთი წლით ადრე. ის პერიოდულად სტუმრობდა ვაშინგტონს, სანამ მთავრობა მას ვენესუელის დატოვებას აუკრძალავდა.

თავისუფალი ბაზრის დამცველი მაჩადო მოითხოვს სახელმწიფო აქტივების პრივატიზებას და ვენესუელის ეკონომიკის გახსნას ინვესტიციებისთვის. ამასთან, ის ამბობს, რომ სურს გააძლიეროს კავშირები შეერთებულ შტატებთან. გაურკვეველია, რა როლი შეიძლება ითამაშოს მან მთავრობაში, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო. ბარინასი, 6 ივლისი, 2024.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო. ბარინასი, 6 ივლისი, 2024.

ოპონენტთაგან და დამკვირვებელთაგან ცოტანი ფიქრობენ, რომ ვენესუელა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს ან რომ მადურო მშვიდობიანად დატოვებს თანამდებობას დამარცხების შემთხვევაში. მაჩადოსთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის გარდა, მან შეამცირა უცხოელი დამკვირვებლების რაოდენობა. მიმდინარე თვის დამდეგს მან თქვა, რომ ვენესუელა „სისხლის აბანოში“ ჩაინთქმება, თუკი ის დამარცხდება.

„პრობლემაა არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ ის, რომ მადუროს ძალაუფლება დაათმობინონ. მისი რეჟიმი იძლევა სიგნალებს, რომ ისინი არ აპირებენ შედეგების აღიარებას“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას არმანდო არმასმა, ვენესუელელმა ოპოზიციონერმა, რომელიც ნებაყოფლობით დევნილობაში ცხოვრობს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 61 წლის სოციალისტ მადუროს შესაძლოა ეშინია, რომ მას დააპატიმრებენ, თუ ხელისუფლებას ჩამოშორდება. სხვა დანაშაულებთან ერთად მას ბრალად ედება ოპოზიციის მოღვაწეების მკვლელობის შეკვეთა, წამება, ფართომასშტაბიანი კორუფცია და ნარკოტიკებით ვაჭრობა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს მისი რეჟიმის მიერ 2017 წელს მომიტინგეების ძალადობრივ დარბევას.

„მადუროს აქვს ყველა სტიმული, რომ ხელისუფლებაში დარჩენისთვის იბრძოლოს, განურჩევლად შედეგისა“, - წერს უილ ფრიმანი, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ანალიტიკოსი Los Angeles Times-ში 22 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში.

მადურო ნაწილობრივ რუსეთის ფინანსური მაშველი რგოლის წყალობით გადაურჩა შეერთებული შტატების „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ის ამტკიცებდა, რომ მოიგო არჩევნები, რომელიც, ოპოზიციის თქმით, გააყალბეს. შეერთებული შტატები იმ მრავალ ქვეყანას შორის იყო, რომლებმაც არ აღიარეს არჩევნების ოფიციალური შედეგი.

აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადუროს გადაყენების მიზნით შორსმიმავალი სანქციები დაუწესა ვენესუელასა და მის ნავთობის მრეწველობას - მთავრობის შემოსავლების მთავარ წყაროს. შეერთებულმა შტატებმა და ათობით სხვა ქვეყანამ აღიარა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო მას შემდეგ, რაც მან 2019 წლის იანვარში კონსტიტუციაზე დაყრდნობით და გამოაცხადა, რომ ის იყო დროებითი პრეზიდენტი, მაგრამ მადურომ გაუძლო ზეწოლას.

ნიკოლას მადურო ესალმება რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს (მარჯვნივ). კარაკასი, 16 დეკემბერი, 2017.
ნიკოლას მადურო ესალმება რუსეთის სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს (მარჯვნივ). კარაკასი, 16 დეკემბერი, 2017.

რუსეთი ვენესუელას ნავთობის წარმოებასა და ექსპორტში ეხმარება სანქციების გვერდის ასავლელად. ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ასევე ირანმა და ჩინეთმა, რომლებიც რუსეთთან და ვენესუელასთან ერთად შედიან დასავლეთის ხელისუფლებათა მიერ წოდებულ „ავტორიტარული სახელმწიფოების ღერძში“.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა მაშინ მადუროს დასაცავად ასევე გაგზავნა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 400-მდე წევრი. დაქირავებულ მებრძოლთა ეს კომპანია ამჟამად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება. მოსკოვმა ვენესუელაში გაგზავნა ასევე ორი ბომბდამშენი Tu-160, რომელთაც ატომური იარაღის ტარება შეუძლიათ.

არმასის თქმით, რუსეთს შეუძლია კვლავ გაგზავნოს ხალხი მადუროს დასაცავად, მაგრამ მას მიაჩნია, რომ მოსკოვის მთავარი ინსტრუმენტი იქნება დეზინფორმაციისა და ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობების გავრცელება კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების, RT-ისა და Sputnik-ის მეშვეობით.

ამჟამად საქმე სხვაგვარადაა?

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მადუროსთვის ამჯერად შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს ხელისუფლებაში დარჩენა, ვინაიდან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ერთობ ცალსახაა.

„გაყალბების გზით 5 ან 10-პროცენტიანი მარცხის გაუქმება ერთია; მაგრამ სხვა საქმეა 30-პროცენტიანი წაგება“, - წერს ფრიმანი. „რაც უფრო დიდი და უდავოა არჩევნებში მარცხი, მით უფრო დიდია შანსები, რომ მადურო კონტროლს დაკარგავს“.

რუსეთი არ დგას მთავარ საკითხთა შორის ამ არჩევნებში, რომელსაც ფართოდ მიიჩნევენ ბრძოლად ავტორიტარულ და დემოკრატიულ მმართველობას, ასევე სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის. მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია, სავარაუდოდ, თავს აარიდებს მოსკოვთან ტკბილ ურთიერთობებს ამ უკანასკნელის მხრიდან მადუროს მხარდაჭერის გამო.

„ვფიქრობ, რუსეთისთვის ეს აშკარა მარცხი იქნება რეგიონში და, სავარაუდოდ, გზა გაეხსნება ვენესუელაში აშშ-ის უფრო დიდ ჩართულობას,“ - თქვა ზიმერმა.

მისი აზრით, ამის მიუხედავად, რუსეთი რეგიონიდან უკან არ დაიხევს. ამის ნაცვლად ის ყურადღებას გააძლიერებს ურთიერთობებზე ჰავანასთან და მანაგუასთან, სადაც მის მოკავშირეებს უფრო მყარი პოზიციები აქვთ.

„ეს გამოიწვევს რუსეთის ძალისხმევის გაორმაგებას კუბასთან და ნიკარაგუასთან ურთიერთობებში“, - მიაჩნია ზიმერს.

XS
SM
MD
LG