ვენესუელის მთავრობამ პროტესტი გამოაცხადა და თავისი დიპლომატები გაიწვია ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გამარჯვება და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს.
ამ პოზიციის გამო, ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არგენტინის, ჩილეს, კოსტა-რიკის, პერუს, პანამის, ურუგვაის და დომინიკის რესპუბლიკის მთავრობები დაადანაშაულა „ინტერვენციონისტულ ქმედებებსა და განცხადებებში“ და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში. ვენესუელამ მოითხოვა თავისი ტერიტორიიდან ამ სახელმწიფოთა დიპლომატების წასვლაც.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. მმართველი სოციალისტური პარტიის კონტროლქვეშ მყოფმა საარჩევნო კომისიამ მეორე დღეს, 29 ივლისს, გამოაცხადა, რომ ხმების 51%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, მის მთავარ მეტოქეს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ედმუნდო გონსალეს კი ხმების 44% აქვს.
მანამდე ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებდა გონსალესის დამაჯერებელ გამარჯვებას.
ოპოზიციური „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, 29 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქვთ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი ხმა აქვს, ხოლო ნიკოლას მადუროს 2,75 მილიონი.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებას ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქ კარაკასის და სხვა ქალაქების ქუჩებში. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს და სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
თავად ნიკოლას მადურო 29 ივლისს, საღამოს იმყოფებოდა ეროვნულ საარჩევნო საბჭოში, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა პრეზიდენტად მისი მესამედ, შვიდწლიანი ვადით არჩევა.
მადურომ არჩევნების გაყალბება უარყო და საპროტესტო აქციებს უწოდა გადატრიალების მცდელობა, რომელსაც „ფაშისტური და კონტრრევოლუციური“ ძალები ახორციელებენ უცხო ქვეყნების მითითებით.
ნიკოლას მადურო თავის მტრებად მიიჩნევს აშშ-ს და ამერიკის ორივე კონტინენტის კიდევ ათზე მეტ ქვეყანას, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ამ სახელმწიფოებმა 31 ივლისს ვაშინგტონში საგანგებო სხდომა დანიშნეს.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა მადურომ და სოციალისტურმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნეს. 2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.
ფორუმი