Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში პროტესტი არ წყდება - გაწვეული კანონი, დარჩენილი შიში


ოკუპირებულ აფხაზეთში "აპარტამენტების კანონს" აპროტესტებენ. 17 ივლისს აქცია გაიმართა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წინ.
ოკუპირებულ აფხაზეთში "აპარტამენტების კანონს" აპროტესტებენ. 17 ივლისს აქცია გაიმართა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წინ.

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ დე ფაქტო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაახევინა უკან. ხალხი გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდა ე.წ. აპარტამენტების კანონს, რომელიც, მიღების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ხელში ჩაგდების საშუალებას აძლევს.

17-18 ივლისს სოხუმში დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ "აპარტამენტების კანონის“ წინააღმდეგ, კანონის ინიციატორი დეპუტატები აიძულა დე ფაქტო პარლამენტიდან პროექტი უკან გაეწვიათ. ეს უკვე მეორედ ხდება - კანონპროექტი კენჭისყრამდე ვერ მიდის, მაგრამ მიუხედავად წარმატებისა, მისი მოწინააღმდეგეები მოდუნებას არ აპირებენ და საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავენ.

„დაძაბულობის მოხსნა“

დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურმა 25 ივლისს განაცხადა, რომ კანონი გაწვეულია, ხოლო საკანონმდებლო პროცესი - შეჩერებული. მიზეზად - „დაძაბულობის მოხსნა“ და „სტაბილურობის შენარჩუნება“ დასახელდა.

ეხო კავკაზასცნობით, .. აპარტამენტების კანონპროექტი თავად ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. წარმოებიდან პროექტის მოხსნის დოკუმენტს ხელი მოაწერა დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ.

თითქმის 10-დღიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა პირველი რეაქცია სიხარული იყო - ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს, მაგრამ მალევე, მათ დღის წესრიგში ახალი მოთხოვნა გაჩნდა.

“გაწვევა დროებითი გადაწყვეტილებაა. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ამის მიღება. თვითონ ამ კანონპროექტის არსებობით მოქმედმა ხელისუფლებამ დაგვანახვა, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს. ჩვენ გვჭირდება ამ საკითხისთვის წერტილის დასმა და გვჭირდება ახლავე. ჩვენ ვითხოვთ მორატორიუმს. თუკი ხელისუფლებამ ახლა გაწვევა გადაწყვიტა, ნიშნავს, რომ კვლავ წამოყენება სურთ. ჩვენ არ მივცემთ ამის უფლებას“, - წერია ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღების მოწინააღმდეგე ახალგაზრდული ორგანიზაცია „ჩვენი ბიჭვინთის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გეგმების დასალაგებლად, 26 ივლისისთვის, მასშტაბური საზოგადოებრივი შეხვედრა დაიგეგმა.

ე.წ. კულტურის სამინისტრომ, როგორც ირკვევა, უპრობლემოდ დააკმაყოფილა სპეციალური საპროტესტო შტაბის მოთხოვნა შეკრების სივრცედ დრამატული თეატრის დარბაზის გამოყოფის შესახებ.

დე ფაქტო სამინისტროში განცხადება „აპარტამენტების მშენებლობის შესახებ კანონპროექტის მიღების საწინააღმდეგო გაერთიანებული შტაბის“ სახელით შევიდა.

წინააღმდეგობის შტაბის ხელმძღვანელთა შორის არიან: აფხაზეთის „პარლამენტის“ დეპუტატი კან კვარჩია, აფხაზი საზოგადო მოღვაწე ლეუან მიქაა და „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა.

დრამატული თეატრის დარბაზში შეკრებულები აპარტამენტების მშენებლობის სრულად აკრძალვას ითხოვენ - თვლიან, რომ უპრეცედენტო პროტესტის მუხტი არ უნდა შენელდეს და საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

მათთვის ასევე მიუღებელია დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შესული კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტი, შეთანხმება სოხუმსა და მოსკოვს შორის, რომელიც რუსი ბიზნესმენებისთვის სასათბურო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

პირობებს შორის არის რუსი ბიზნესმენების უფლებების დაცვა და გადასახადებისგან გათავისუფლება 8 წლით.

„აპარტამენტების კანონის“ მხარდაჭერა ღალატად შეფასდა.

ბოლო დღეების მანძილზე სხვადასხვა ფორმატით, ათეულობით აქცია, საზოგადოებრივი შეხვედრა და პრესკონფერენცია გაიმართა.

17-18 ივლისს სოხუმში დაწყებული პროტესტი რეგიონებსაც მოედო.

ხალხი სათითაოდ ეკითხებოდა შეხვედრებზე მისულ ე.წ. დეპუტატებს, პოლიტიკოსებსა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს - უჭერდნენ თუ არა ისინი მხარს ამ კანონს. ყოველი „არა“ მქუხარე ტაშით ჯილდოვდებოდა.

აფხაზური წყაროები წერენ, რომ ე.წ. დეპუტატებსა და საკრებულოების წევრებს შორის სადავო კანონს იმდენი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომ დოკუმენტის სხდომაზე გატანა სარისკო გახდა.

17 ივლისს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის აღმოსავლეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს.

ტელეგრამარხი АБХАЗИЯ-ЦЕНТР-ი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ მოსკოვთან შეთანხმებით დაიხია უკან, „ზედმეტად მაღალი რისკების“ გამო.

არის ასევე მოსაზრება, რომ უკან დახევა 2025 წლის 20 მარტისთვის დანიშნულ ე.წ. არჩევნებში ასლან ბჟანიას მიმართ მოსკოვის მხარდამჭერ გათვლებს უკავშირდება.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც წარსულში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წინაშე ორი მიზანია: რუსეთის მფარველობის შენარჩუნება და კორუფციული ინტერესები; მაგრამ თუკი მოსკოვი საკუთარი სურვილების შესრულების პერსპექტივას ვერ დაინახავს, ბჟანიას სკამის გადარჩენა გაუჭირდება.

„მოსკოვს რაში სჭირდება კოჭლი იხვები?! თუ აღმოჩნდება, რომ ბჟანია უკვე ვეღარ ქაჩავს მისი ინტერესების დაცვას და ხალხს ვერ იმორჩილებს, მხარს აღარ დაუჭერს მოსკოვი. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს [ე.წ. არჩევნებში], ყველა პრორუსი იქნება მაინც, მაგრამ რუსეთს ურჩევნია, რომ გამარჯვებულს ხალხის ლეგიტიმაცია ჰქონდეს. უკვე ჩანს, რომ ბჟანიას ხალხისგან ლეგიტიმაცია აშკარად წყდება“, - გვეუბნება ზაქარეიშვილი.

„ევოლუციური და დროში გაწელილ მიდგომა“

ადგილობრივები ამბობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება პროტესტის მზარდმა ხასიათმა შეაშინა და, რომ თვალსა და ხელს შუა ბოლომდე განადგურდა ე.წ. პრეზიდენტის - ასლან ბჟანიას რეიტინგიც.

თავად ბჟანია მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსკოვში იმყოფებოდა და შორიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

26 ივლისს კი, უკვე სოხუმიდან, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ასლან ბჟანია ბინების გაყიდვის საკითხს ისევ იცავს და განვითარების დამუხრუჭებას უცხოეთის სპეცსამსახურებსა და მათ "მოკავშირეებს" აბრალებს.

ინტერვიუდან ჩანს, რომ საცხოვრებელი ბინების უცხოელებისთვის და სახელდობრ - რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაცემა, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და, რომ „ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა 2008 წლის შემდეგ აყენებს“.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ჩვენთვის ახლობელი ადამიანები არიან. ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და, რა თქმა უნდა, საკითხებს, რომლებიც დააახლოებს ჩვენს პოზიციებს და ჩვენი ეკონომიკის განვითარებას დაეხმარება, წინ წავწევთ აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესებისთვის და აფხაზეთსა და რუსეთს შორის მოკავშირეობისა და ძმობისთვის“, - ამბობს ბჟანია ამ ინტერვიუში და ამატებს, რომ, შეცდომებისგან დაცვის მიზნით, გამართლებულია -„ევოლუციური და დროში გაწელილი მიდგომა“.

Россия 24-თან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ „ტურისტული სეზონი გაჩაღებულია“ და „საქმე ცუდად არ მიდის“, მაგრამ მეტი ტურისტის მოსაზიდად საჭიროა 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობა. „ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ამ მიმართულების განვითარებას“, - ეს განცხადება აზრობრივად პირდაპირ უკავშირდება „აპარტამენტების კანონს“, რომელიც სასტუმროს ნომრების ტიპის ბინების მშენებლობას ისახავს მიზნად.

სადავო კანონპროექტის დე ფაქტო პარლამენტში განხილვას, 17 ივლისს, ბჟანია პირადად დაესწრო და დეპუტატების იმაში დარწმუნებას ცდილობდა, რომ ინიციატივა, რომელიც აპარტამენტების მშენებლობასა და კერძო საკუთრებაში გადაცემას ისახავს მიზნად, ღარიბი რაიონების ფეხზე დაყენებასა და ტურისტის მოზიდვას ემსახურებოდა.

  • დაახლოებით ერთი წლის წინ ასლან ბჟანია ცდილობდა გაეტანა კანონპროექტი - აპარტოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, მაგრამ ხალხის ზეწოლის გამო ვერ შეძლო.
  • წელს, ივლისში, იგივე პროექტი სამი დეპუტატის [გერმან კაჭარავას, ასლან აკაბასა და ბესლან ემურხბას] ინიციატივის სახით გააცოცხლეს, ახალი სახელით - აფხაზეთის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეული ზომების შესახებ“.

ადგილობრივები მალევე მიხვდნენ, რომ პარლამენტში წამოყენებული ინიციატივა ძველ მიზნებს ემსახურებოდა და მოსახლეობის ცდუნებას ახლა უკვე ეკონომიკური განვითარების სახელით ცდილობდნენ. ამიტომ ხალხმა ამ ინიციატივასაც კვლავ "აპარტამენტების კანონი" უწოდა.

აწ უკვე გაწვეული კანონპროექტი ითვალისწინებდა:

  • აპარტოტელებისა და აპარტამენტების მშენებლობას 150 ჰექტარ ფართობზე;
  • საპილოტო პროექტის ფარგლებში სასტუმროს ნომრის ტიპის 10 ათასი ბინის მშენებლობას.

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, რადგან აფხაზები ზოგადად მიწისა და ბინების უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგი არიან, რუსეთმა სასურველის მისაღებად, შემოვლითი გზით მოქმედება დაიწყო. მაგრამ, კონფლიქტოლოგის შეფასებით, აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის ზრახვებს უკვე დიდი ხანია კარგად აცნობიერებს:

„ბაღაფშის [ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი] სიკვდილიდან [2011 წელი] მოყოლებული, აფხაზები ხვდებიან, რომ რუსეთი აფხაზეთს უყურებს არა როგორც მოკავშირეს, არამედ როგორც ტერიტორიას“.

საპროტესტო აქციების მიუხედავად, მოსკოვის ზეწოლით მაინც მოხერხდა ბიჭვინთის ცნობილი სააგარაკო კომპლექსისა და მიმდებარე მიწების რუსეთისთვის გადაფორმება, 2023 წლის მიწურულს. გადაწყვეტილება პარლამენტში ღამით მიიღეს.

„აპარტამენტების კანონზე“ საპროტესტო გამოსვლებისას სოხუმში იხსენებდნენ ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებულ მარცხს და მომხდარს წინააღმდეგობის სისუსტითა და ერთიანობის ნაკლებობით ხსნიდნენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG