თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ცხოველთა დამცველის, ლუკა კინწურაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა მარიამ პატარიძემ, რომელიც მოქალაქის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ლუკა კინწურაშვილს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და ამით საქმის წარმოებაც დასრულდა.
როგორც პატარიძემ გვითხრა, პოლიცია ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, კინწურაშვილი ამ ნაწილში გაამართლეს, თუმცა დარღვევა დაადგინეს პოლიციელის შეურაცხყოფის გამო.
„მოსამართლემ სიტყვიერი შენიშნა მისცა. თქვეს, რომ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, 'თავხედი' უწოდაო“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ლუკა კინწურაშვილმა 17 ივლისს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ რამდენიმე დღის წინ ავტობუსის გაჩერებაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დააკავეს და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ დამამცირებლად მოექცნენ.
ლუკა კინწურაშვილმა გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორში 35 საათი გაატარა. სამართალდამცავები მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
„პოლიციის განყოფილებაში ჩემს დაშინებაში მონაწილეობდა მთელი განყოფილება, მათ შორის, ქალბატონებიც. დამცინავი, ირონიული... როდესაც კითხვას მისვამდნენ, ნებისმიერ საკითხზე, ყველაფერზე იცინოდნენ. მათთვის არ ვიყავი მე ადამიანი, ასეთი შეგრძნება მქონდა..." - თქვა რადიოო თავისუფლებასთან კინწურაშვილმა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ლუკა კინწურაშვილის დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო სამართალდამცველების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით.
ფორუმი