Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს


ფოტო არქივიდან: 2019 წლის 25 სექტემბერი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.
ფოტო არქივიდან: 2019 წლის 25 სექტემბერი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აშშ-ის იმდროინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, ისინი შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან პირისპირ შეხვედრაზე განიხილავენ, რა ნაბიჯებს შეუძლია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა.

ზელენსკი წერს, რომ ტრამპს მიულოცა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა და დაგმო მისი მკვლელობის მცდელობა პენსილვანიაში.

უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ მან აღნიშნა აშშ-ის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერის მნიშვნელობა უკრაინელი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

ზელენსკის განცხადებით, რუსული ტერორის წინააღმდეგ შესაძლებლობების გაძლიერებაში დახმარების გამო, უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების. მისი თქმით, უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე რუსული თავდასხმები ყოველდღიურად გრძელდება.

სატელეფონო საუბარს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truthsocial-ში გამოეხმაურა.

„მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ზელენსკის, მისი მიმართვის გამო, იმიტომ, რომ მე, როგორც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი, მოვიტან მშვიდობას და ბოლოს მოვუღებ ომს, რომელმაც შეიწირა ბევრი სიცოცხლე და დაანგრია ურიცხვი უდანაშაულო ოჯახი.

ორივე მხარეს შეუძლია ერთად შეიკრიბოს და მოილაპარაკოს შეთანხმებაზე, რომელიც ბოლოს მოუღებს ძალადობას და გზას გაუხსნის კეთილდღეობას“, - დაწერა ტრამპმა.

ზელენსკიმ ბრიტანულ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ დასავლელი მოკავშირეები სიძლიერეს შეინარჩუნებენ, რუსეთთან ომის „ცხელი ფაზა“ შესაძლოა ამ წლის ბოლომდე დასრულდეს.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთზე მთელი მსოფლიოს ზეწოლა, რათა ის მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან ომის შეწყვეტის შესაძლებლობის განსახილველად. უკრაინის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ყველა ტერიტორიას აუცილებლად ძალის გამოყენებით დაიბრუნებენ. „ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას დახმარება შეუძლია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG