უკრაინის ქალაქ ლვოვში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიტიკოსს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს - ვერხოვნა რადის ყოფილ დეპუტატს ირინა ფარიონს, რომელშიც თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეპუტატის მკვლელობის მცდელობა მოხდა პარასკევს, საღამოს შვიდის ნახევარზე, იმ სახლის მახლობლად მდებარე ქუჩაზე, სადაც ფარიონი ცხოვრობს.
ექიმები მის მდგომარეობას სერიოზულად მიიჩნევენ. იგორ ზინკევიჩი, ლვოვის საკრებულოს დეპუტატი და მარტა ოლიარნიკი, ჟურნალისტი, პირველები იყვნენ, ვინც მკვლელობის მცდელობის შესახებ განაცხადეს.
ლვოვის პოლიციის ინფორმაციით, მსროლელმა გაქცევა მოახერხა, ის იძებნება. პროცესში ჩაბმულია უშიშროების სამსახურიც.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც მომხდარს „განზრახ მკვლელობის მცდელობა“ უწოდა.
„ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აშკარაა, რომ ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დაგმობას იმსახურებს და ყველას, ვინც ამ თავდასხმაშია დამნაშავე, სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
60 წლის ირინა ფარიონი ფილოლოგი და ენათმეცნიერია, 2012-2014 წლებში იყო უკრაინის „ვერხოვნა რადის“ დეპუტატი, სრულიად უკრაინული ასოციაცია „სვობოდას“ წევრი. ის ცნობილია თავისი მკაცრი პოზიციით უკრაინაში უკრაინული ენის უპირატესობის შესახებ და კატეგორიულად მოითხოვს მინიმუმამდე დავიდეს ქვეყანაში რუსული ენის, როგორც „ოკუპანტების ენის“ გამოყენება.
რუსეთში, 2015 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ რეპრესიების მოწოდების, სიძულვილის გაღვივებისა და ადამიანის ღირსების დამცირების შესახებ მუხლით.
თავად უკრაინაში, 2023 წელს ფარიონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მათი ეროვნების მიუხედავად მოქალაქეების თანაბარი უფლებების დარღვევის, ასევე პატივისა და ღირსების შეურაცხყოფისა და მიმოწერის საიდუმლოების ხელყოფის შესახებ მუხლებით.
- უკრაინაში ივნისის ბოლოს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ოპოზიციონერ აქტივისტსა და ყაზახეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტ აიდოს სადიყოვზე. მძიმედ დაჭრილი სადიყოვი ივლისის დასაწყისში გარდაიცვალა.
- უკრაინის პოლიციამ დაადგინა თავდამსხმელები, ყაზახეთის მოქალაქეები - მეირამ კარატაევი და ალტაი ჟაყანბაევი.
- უკრაინის პროკურატურამ ყაზახეთის ამ ორი მოქალაქის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ კიევის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
ფორუმი