Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანდებიან


"ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთიანდებიან. 17 ივლისი, 2024 წელი
"ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ერთიანდებიან. 17 ივლისი, 2024 წელი

პარტიები "ლელო", "ანა დოლიძე - ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია 17 ივლისს თბილისში, ევროპის მოედანზე, გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალი თანამებრძოლები წარადგინა, პარტიის "ხალხისთვის" ლიდერს, ანა დოლიძეს და მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს, ხელი ჩაჰკიდა და თქვა: "ასე ერთობით დავიწყებთ მოღვაწეობას".

"ყოველგვარი გადამეტების გარეშე, 26 ოქტომბრის არჩევნები წყალგამყოფია - ან ვიქნებით ჭაობში და ვიქნებით ოკუპანტის უღლის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად, იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. ამისთვის ერთი რამაა საჭირო და ამას ჰქვია ერთობა", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი და უახლოეს მომავალში გაერთიანებას "ბევრი საინტერესო ადამიანი თუ პოლიტიკური ჯგუფი" შეუერთდება: "არა ის, რომელიც ჭორებად გესმით - ახალი სახეები, ის ხალხი, ვინც ჩაიბარებს ქვეყნის მმართველობას".

მოძრაობა "თავისუფლების მოედნის" ლიდერის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მათ შორის არსებული ბევრი განსხვავების მიუხედავად, კოალიციაში აქვთ საერთო ღირებულებები ქვეყნის მომავლის შესახებ:

"დღეს დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ოჯახი ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის შუაგულში, ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და მოითხოვდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ცინიზმის, ზიზღის, შურის, შეურაცხყოფის ეპოქა ქართულ პოლიტიკაში.... უნდა დავასრულოთ ტყუილის და მლიქვნელობის ეპოქა... მესამე - უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა და დამყარდეს მრავალპარტიულობა", - თქვა მან.

ოპოზიციურ ერთობას ასევე შეუერთდა მომღერალი გიორგი უშიკიშვილი. მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს და ყველა ამბიცია გვერდზე გადადოს.

"სწორედ ამიტომ, ვდგები თქვენ გვერდით, რათა ჩემი და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი ევროპულ ოჯახში", - თქვა უშიკიშვილმა.

მანამდე არჩევნებისთვის გაერთიანდნენ ოპოზიციური პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“. პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ ერთიან კამპანიას დაიწყებენ.

8 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით შეიქმნა გაერთიანება „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“. ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრებს შორის დასახელდნენ

  • გია ჯაფარიძე - პოლიტოლოგი;
  • სოფო ჯაფარიძე - ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი;
  • ლაშა ბაქრაძე - ისტორიკოსი;
  • ანა მოსაძე - სამოქალაქო აქტივისტი;
  • თამარ კორძაია - დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • არმაზ ახვლედიანი - დამოუკიდებელი დეპუტატი;
  • გიორგი ვაშაძე - პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი;
  • ირაკლი ფავლენიშვილი - პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი;
  • ლაშა დიაროვი - სამოქალაქო აქტივისტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG