Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ გაერთიანდა „ლელო“ სამ ოპოზიციურ პარტიასთან? - სამადაშვილის პასუხი


პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.
პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი.

სამმა ოპოზიციურმა პარტიამ („ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“) 9 ივლისს გაერთიანების შესახებ გამოაცხადა. ისინი ერთიანი სიით აპირებენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მათთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობდა „ლელო“, რომელიც ოპოზიციურ ალიანსში არ აღმოჩნდა.

შეკითხვაზე, რატომ არ შედგა „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება, რადიო თავისუფლებას უპასუხა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, პარტია „ლელოდან“. მისი თქმით, საჭირო არის საზოგადოებისთვის რეალური სიახლის შეთავაზება. სამადაშვილმა შენიშნა, რომ მოლაპარაკებების მონაწილე პარტიებთან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

„ჩვენ პირველ რიგში პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ებრძვის რუსულ რეჟიმს. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას სჭირდება რეალურად ამ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის დარღვევა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა.

საჭიროა, რეალური სიახლის შეთავაზება, ეს მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს საზოგადოებრივ დაკვეთას. ამიტომ, არსებობს ზოგადი საკითხები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპების დონეზე და ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ ჩვენი კარი ღია რჩება შემდგომი კონსულტაციებისთვის. ჩვენ არა მხოლოდ იმ ადამიანებთან ვაწარმოებდით საუბარს, ვინც დღეს გაერთიანდა, არამედ სხვადასხვა ჯგუფებთან, საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეებთან და პარტიებთან, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ისეთი ფორმულა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს იმას, რასაც ელოდება. ეს არის ნამდვილი სიახლე“, - გვითხრა დეპუტატმა.

სამადაშვილმა არ დაასახელა, კონკრეტულად, რა საკითხებზე ვერ შედგა შეთანხმება.

„ამით შემოვიფარგლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს შეთავაზება რეალურად ახალი პოლიტიკური პლატფორმა, შეთავაზება და ამასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ჩვენ გვქონდა“, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

შეკითხვას - გაგრძელდება თუ არა ახალ გაერთიანებასთან მოლაპარაკება? - სამადაშვილმა უპასუხა: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავარი ამოცანა ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ძალიან დამაჯერებელი მარცხი 26 ოქტომბერს. ამიტომ არასდროს არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას არავისთან, ვინც რეჟიმს უპირისპირდება“.

სამი ოპოზიციური პარტია - „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. პარტიების ლიდერებმა 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი საერთო კამპანიას დაიწყებენ.

„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის“, - თქვა ნიკა გვარამიამ, პარტია „ახლის“ თანათავმჯდომარემ.

მოლაპარაკების არ მონაწილეობდა „ევროპული საქართველო“, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას არ შეუერთდა. „ევროპული საქართველოს“ 8 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, რომ „საუკეთესო სინერგია აქვს „ევროპული საქართველოს“, „ახლის“ და „ლელოს“ საარჩევნო ერთეულად ქცევას“. როგორც ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, მათ საჯაროდ და არასაჯაროდაც, მიმართეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, „თუმცა, საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, მათგან მხოლოდ დუმილია“.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ 25 ივნისს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში დაწერა, რომ 8 ივლისამდე შეთანხმდებიან არჩევნებში მონაწილეობის კონფიგურაციებზე.

გუშინ, 8 ივლისს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მონაწილეობით შეიქმნა გაერთიანება „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. აკრძალულია პარტიების ბლოკებში გაერთიანება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG