2023 წლის 14 დეკემბერს, როცა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ თითქმის ორთვიანი სამედიცინო კვლევების შედეგი გაიგო - მას სიმსივნე აღმოაჩნდა, სიმსივნე, რომელიც უკვე შორს იყო წასული და სასწრაფოდ საჭიროებდა ჯერ ქირურგიულ ჩარევას, შემდეგ კი მკურნალობას.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო პარლამენტში ამ დიაგნოზის გაგებამდე, 2023 წლის გაზაფხულზე, როცა “ქართული ოცნება” პირველად განიხილავდა “აგენტების კანონს”, მკურნალობის პროცესში მალევე აღმოაჩინა რომ საქართველოში ვერ იღებდა მკაფიო პასუხებს ექიმებისგან მის ჩივილებზე და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ გადარჩენისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა შეიძლება დასჭირვებოდა. ასეც მოხდა - ქირურგიული ოპერაციიდან მალევე ის ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში წავიდა და საჯაროდ მხოლოდ 2024 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, როცა საქართველოს პარლამენტმა კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში “აგენტების კანონი.”
დღეს, რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ ხათუნა სამნიძე ამბობს რომ ის უკვე გამოჯანმრთელდა და სურს სხვა ონკოპაციენტებისთვის იმუშაოს უკეთესი სამედიცინო სისტემის შექმნაზე - მას ჯერ არ აქვს მკაფიო გეგმები, ვისთან ერთად მიიღებს 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რესპუბლიკური პარტია, თუმცა თვლის რომ ამ პრინციპული არჩევნების წინ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა შინაარსიანი მსჯელობა შესთავაზონ საზოგადოებას იმ თემებზე, რაც მათ აღელვებთ. ამ თემებიდან კი ჯანდაცვის საკითხები ერთ-ერთია და ეს იმ ადამიანების წერილებმაც აჩვენა, რომელსაც ხათუნას მოქალაქეები, თავად ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები სწერენ და მადლობას უხდიან ამ საკითხის საჯარო სივრცეში წინ წამოწევისთვის.
ფორუმი